ირაკლი კობახიძე: ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე.
კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.
მან ოპოზიცია გააფრთხილა, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.
„კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში” – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მობილიზებული რაზმების გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი, და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.
“ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი” – აცხადებს კობახიძე.
● ჟურნალისტი ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოსმენაზე საუბრობს
● ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხებისთვის ემზადება. კომენტარები
● ვიდეო: რა იყო მთავარი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია – ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ამიტომ ის, ვინც ამ არჩევნებს მოიგებს, იქნება ქვეყნის მმართველი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.