ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა
დღეს საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
ამერიკის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ამერიკული დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა ოპოზიციაც. “ევროპული საქართველოს” წევრის, ლელა ქებურიას თქმით, ხელისუფლება ამ ვიზიტს არ გამოიყენებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
“სენატორები არიან საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ საქართველოს თანადგომა დემოკრატიულ განვითარების გზაზე და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის ვიზიტს არ გამოიყენებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ეცდება გამოიყენოს ოპოზიციის წინააღმდეგ ინტრიგებისთვის“, – აღნიშნა ქებურიამ.
სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.
_______________________________
● “მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურებიან
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● კიდევ ერთი. რა წერია მორიგ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ვაშინგტონიდან მიიღო
_______________________________
სენატორი შაჰინი ერთ-ერთი პირველი იყო იმ დასავლელ პოლიტიკოსებს შორის, რომელმაც თებერვალში ნიკა მელიას მოსალოდნელი დაკავება დაგმო და “პოლიტიკური დევნა” უწოდა. მაშინ მან სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯიმ რიშთან ერთად განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებას ადგილი აღარასოდეს უნდა ჰქონდეს.”
რიში და შაჰინი გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩაგდების ფაქტსაც.
სენატორები წერილში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.
აღნიშნულ წერილში ხაზგასმულად მკაცრადაა გაკრიტიკებული ის პროცესები, რომლებიც პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ განვითარდა: მშვიდობიანი მიტინგების დაშლა პარლამენტის შენობასთან, დაპირისპირება “ქართული ოცნების” ოფისთან ხელისუფლების მომხრეებსა და ოპონენტებს შორის, ასევე დაპირისპირების სხვა ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჯიმ რიში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორია. ხოლო ჯინ შაჰინი დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.