ჯანდაცვის მინისტრი: შესაძლოა უვადო მწვანე პასპორტის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე გადაიხედოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამშაბათს, 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებს მიიღებს, მათ შორის, შესაძლოა, უვადო მწვანე პასპორტის საკითხიც გადაიხედოს. მისი განმარტებით, ამ მხრივ, საკოორდინაციო საბჭო რისკებს ხედავს.
ასევე, ტიკარაძის თქმით, 2 დეკემბერს კოვიდსაბჭომ იმსჯელა იმაზე, თუ რომელი ტიპის და რა ვადიანი ტესტირება იქნება ხელსაყრელი ახალი შტამის პირობებში:
“გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში. ტესტირებასთან მიმართებით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული.“
მინისტრის განმარტებით, საუბარი იყო ტესტირების ვადებზეც, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ 72 საათიანი ვალიდურობა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად.
“ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით ღონისძიებებს. მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ თუ ახალი შტამი დაფიქსირდება, მნიშვნელოვნად გამკაცრდება კონტროლი და რეკომენდაციები. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო გადის კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება აღსრულდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე საშვი, რადგან ჯერ-ჯერობით “ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია”:
“არაა შემთხვევითი იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდ საშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდ საშვის მოქმედების მექანიზმს, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე”, – განაცხადა მან..
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ (იგივე, „მწვანე სტატუსის“) კონცეფცია ამოქმედდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ „მწვანე სტატუსი“ არ გაქვთ, ანუ, არ ხართ აცრილი ორი დოზით, არ გაქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი, კაფე-რესტორნებში, კაზინოებში, კინო-თეატრებსა და სხვა, მთელ რიგ ობიექტებში, ვეღარ შეხვალთ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტი ენიჭება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე გადაუტანია კორონავირუსი, მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ძირითადად “მწვანედ” ცნობს იმ პირს, რომელმაც ბოლო 6 თვეში გადაიტანა ვირუსი.
უვადო მწვანე პასპორტი გააკრიტიკა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, ის არ ელის, რომ ე.წ “მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ “მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.