ადგილები, სადაც პირველი დეკემბრიდან "მწვანე სტატუსის" წარდგენა მოგიწევთ
საქართველოს მთავრობამ იმ ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც პირველი დეკემბრიდან ადამიანები “მწვანე სტატუსის” წარდგენის შემთხვევაში დაიშვებიან.
ეს ადგილებია:
- რესტორნები, კაფეები, ბარები, – ღია და დახურული სივრცეები,
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
- სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
- სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
ამასთანავე, მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც:
- აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;
- წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;
- გადაიტანა კოვიდინფექცია.
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
“მწვანე სტატუსის” შესახებ ინიციატივა მთავრობის მეთაურმა 8 ნოემბერს დააანონსა. აღსანიშნავია ისიც, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. პრემიერის თქმით, პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვა მოხსნილიყო. სწორედ ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება ყველა იმ პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე. ასევე, “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის.
“მწვანე პასპორტების” შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასურსათო მაღაზიებს და სხვა საბაზისო სერვისებს არ შეეხება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია “მწვანე პასპორტის” ორი ვარიანტი იყოს დაშვებული – შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მგზავრობისთვის განკუთვნილი პასპორტი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძის თქმით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა შეიცვალოს.
“ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000 შემთხვევა რეინფიცირების. კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება”, – ამბობს იმნაძე.