ირაკლი კობახიძე: სააკაშვილზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ამნისტიაზე
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ სააკაშვილზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია.
მისივე თქმით, ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს და არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ ადამიანს მოერგოს. კობახიძის განმარტებით, ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს პრინციპებს და გამორიცხულია, რომ “ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს.”
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ცხრა ათასივე პატიმარი, “თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები და თუნდაც სააკაშვილი”, შეიძლება, რაღაც დოზით თანაგრძნობას იწვევდეს, “ეს ადამიანური ამბავია”, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება “გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში” მხილებულ პატიმარს ეხება.
“ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც.” – განმარტა კობახიძემ.
● საქართველოს პრეზიდენტი: ჩემზე ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
● უკრაინის საგარეო უწყება: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება
● იქნება თუ არა “მაგნიტსკის აქტის” ანალოგი სააკაშვილზე? ნაციონალურმა მოძრაობამ სიაზე მუშაობა დაასრულა
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ასევე, პარტია იწყებს ქუჩის აქციებს და აქციებს მმართველი პარტიის წევრების სახლებთან.
გაიგეთ მეტი ჯემნიუსზე – Twitter | Facebook | Telegram | Instagram