აქტივისტ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინება შეცვალა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ახალბედაშვილმა ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.
ახლა პროკურატურას აქვს საფუძველი იმისა, რომ იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენოს და საქმე სასამართლოს გადასცეს.
“არ მეგონა, სააპელაციო სასამართლო ასეთი გავლენის ქვეშ თუ მოხვდებოდა. როგორც ჩანს მოხვდა გავლენის ქვეშ და დააკანონა ეს უკანონო ქმედება, რაც არის სირცხვილი. ვწუხვარ ასეთი გადაწყვეტილების გამო”, – თქვა ბაბაებმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო.
6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ალექსი მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამართლდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა ცდილობდა გარკვეულწილად გავლენა მოეხდინა სასამართლოზე.
“სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ გამართლდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა ცდილობდა გარკვეულწილად გავლენა მოეხდინა სასამართლოზე და მიეღო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება.
გორის რაიონულმა სასამართლომ და მოსამართლე დარბაიძემ დეტალურად განმარტა ის არგუმენტები თუ რატომ მიიჩნია კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ და აბსოლუტურად გასაგები და კანონიერი იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურატურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივად სასამართლომ კანონიერად ცნო საგამოძიებო ქმედების ის ნაწილი, როდესაც ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, პროკურატურას ახლა უკვე აქვს საფუძველი იმისა, რომ იოსებ ბაბაევს წაუყენოს ბრალი და საქმე გადასცეს სასამართლოს.” – განაცხადა ალექსი მერაბიშვილმა.