"საქართველო იწყებს პუტინის გზით მოძრაობას" - ინტერვიუ ფსბ-ს ყოფილ პოლკოვნიკთან
ინტერვიუ ფსბ-ს ყოფილ პოლკოვნიკთან
რუსმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა და ფსბ-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა გენადი გუდკოვმა, გამოცემა Euroscope-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის საქართველოში ფსბ-ს ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან. მისივე თქმით, საქართველო იწყებს პუტინის გზით მოძრაობას.
გენადი გუდკოვი 1982-1992 წლებში მუშაობდა სსრკ-ს უსაფრთხოების ორგანოებში. მსახურობა დაასრულა მაიორის წოდებით, მოგვიანებით გახდა თადარიგის პოლკოვნიკი. 2001-2007 წლებში იყო რუსეთის სახალხო პარტიის წევრი, რომელიც 2004-2007 წლებში “ედინაია რასიას” ერთ-ერთი ფრაქცია გახდა. 2007-2013 წლებში იყო ოპოზიციური პარტია “სპრავედლივაია რასიის” წევრი.
2019 წელს რუსეთი დატოვა. 2023 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გუდკოვი “უცხოეთის გავლენის აგენტად” გამოაცხადა. 2024 წელს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში” შეიყვანა.
ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის კითხვას, თუ რატომ არის საქართველოს ხელისუფლება მიჯაჭვული პუტინის რუსეთზე ფსბ-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა ასე უპასუხა:
“ვხვდები რატომ არის ქართული ოცნების მხრიდან პუტინზე მიჯაჭვულობა, როგორც რუსი ოლიგარქები მიყვებიან, რომლებიც ივანიშვილს კარგად იცნობენ, იყო შეთანხმება პუტინსა და ივანიშვილს შორის. (რომელიც იმაში მდგომარეობდა რომ) პუტინი ივანიშვილს ძალაუფლებაში მოსვლაში და რუსეთში არსებული პირადი აქტივების გატანაში ხელს არ შეუშლის.
პუტინმა თავისი პირობა შეასრულა. და რა თქმა უნდა, ივანიშვილის მხრიდან არსებობს უსერიოზულეს მორალური ვალდებულება. ეს არის ჭორი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა რუსი ოლიგარქებისგან, რომელთაც პირადად ვიცნობ.
რაც შეეხება მეორე ჭორს, ისე კიდევ უფრო ცუდია. მაღალი თანამდებობის ადამიანებისგან მომისმენია, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან. როგორც მითხრეს, ისინი ყალბი დოკუმენტებით კვეთენ საზღვარს, გარკვეული დრო ჩერდებიან და ბრუნდებიან (რუსეთში), მერე მოდის შემდეგი ცვლა.
როგორც ჩანს ისინი რაღაცნაირად აკონტროლებენ, თანამშრომლობენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს დემოკრატიის საწყისებს, და ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული, ვხედავთ, რომ საქართველო იწყებს პუტინის გზით მოძრაობას.
უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი გადახატულია რუსული კანონიდან, და არა მხოლოდ ეს კანონი, ვხედავთ მოქმედებათა ასლს, რომელიც პუტინის მიერ რუსეთის დამონების სცენარს იმეორებს და ამას ვხედავ ძალიან ნათლად”.
გუდკოვმა პუტინის რეჟიმზე და მისგან მომავალ საფრთხეებზეც ილაპარაკა. პოლიტიკოსის აზრით, რუსეთი როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ფსბ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მსოფლიომ გვიან მოახდინა სათანადო რეაგირება პუტინის რეჟიმზე და პირველი ეტაპი, რომელზეც რუსეთი უნდა შეეჩერებინათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო. მეორე შანსი მსოფლიო საზოგადოებას 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ მიეცა, თუმცა მსოფლიომ რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტაზე უარი არ თქვა და მხოლოდ ნაკლებად საზიანო სანქციებით შემოიფარგლა. ამიტომ, გუდკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მსოფლიოს ლიდერებმა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ.
“პუტინი დიდი საფრთხეა ყველა ხალხისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც. პუტინის წყალობით საქართველომ შეაჩერა ევროპისკენ სვლა. ქართველ ხალხს ვუსურვებდი დაძლიოს ეს პრობლემა და განაახლოს თავისი მსვლელობა დემოკრატიისკენ, ევროპული საზოგადოებისკენ და ევროკავშირისკენ.
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის აგრესია სხვა მიმართულებით მიმართავს, ეს იქნება კავკასია, საქართველო, სომხეთი. არ ვგულისხმობ პირდაპირ სამხედრო აგრესიას, იქნება გადატრიალებები, ჰიბრიდული ომები და ა.შ.
სამყაროსთვის ნომერი პირველი სასიკვდილო საშიშროება არის პუტინის რეჟიმი, თავის ბირთვული არსენალით და აბსოლუტურად აგრესიული პოლიტიკით”. – თქვა Euroscope-თან ინტერვიუში რუსმა ოპოზიციონერმა.
ინტერვიუს მიწურულს გუდკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ნებისყოფისა და სიმამაცის ხარჯზე შეაბრუნებს ქვეყანას დამოუკიდებლობის გზაზე.
“იმედს ვიტოვებ, საქართველოს თავისუფლებისკენ მოძრაობის შესაჩერებლად პუტინს ძალა, საშუალება და დრო არ ეყოფა. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხის სიმამაცე, სიმტკიცე, ნებისყოფა და რწმენა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გადალახოს წინაღობა, იმედი მაქვს ხალხი გაიმარჯვებს.
არ დანებდეთ. ნებისმიერ მშვიდობიან ამბოხებას სჭირდება წარმატება, თუ ხალხი უტევს ხელისუფლებას ის ინარჩუნებს შანსს მოიპოვოს თავისუფლება და დემოკრატია. ქართველ ხალხს ვუსურვებ არა მხოლოდ სიმამაცესა და სიმტკიცეს, არამედ შემტევ კვეთებას.
არ შეიძლება ელოდო ხელისუფლებისგან, რომელმაც დაკარგა სინდისი, კეთილისა და ბოროტის კრიტერიუმები, საკუთარი ნებით წასვლა ან ცვლილებას. ამისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო.” – აღნიშნა გუდკოვმა.