ინციდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. თავდაცვის სამინისტროები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება:
„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოუზის რაიონის მონაკვეთში, უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ჩვენ პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან გაუხსნა ცეცხლი.
დანაკარგები ორივე მხარეს აქვს.
ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ სიტუაციას“.
ინფორმაცია ერევნიდან
სომხეთის თავდაცვის სამინსიტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„დღეს, დაახლოებით 12:30 საათისთვის აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, УАЗ-ის მარკის ავტომობილით ტაუშის მიმართულებით სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადეს. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, მიატოვეს УАЗ-ი და მოწინააღმდეგის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ.
13:45 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით, ჩვენი საყრდენი პუნქტის ხელში ჩაგდება სცადეს, თუმცა საპასუხო ცეცხლის შემდეგ უკან დაიხიეს, ცოცხალი ძალის დანაკარგიც განიცადეს.
სომხეთის მხარეს დანაკარგები არ არის“.