ღარიბაშვილი: საქართველომ არ უნდა გამოხატოს ზედმეტი ემოციები უკრაინასთან დაკავშირებით
ღარიბაშვილი უკრაინის შესახებ
დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა რუსთავი 2-ზე, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში.”
მთავარი, რაც მან თქვა:
● უკრაინაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ “დღეს საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება”;
● რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიერთებაზე: “იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ“;
● ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა გამოხატოს ზედმეტი ემოციები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან „ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს”;
● ასევე, ღარიბაშვილის თქმით: “ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია და ეს ყველაფერი, ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში… ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია”;
● ღარიბაშვილის თქმითვე, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება “ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის” და კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
● ღარიბაშვილი არ გამორიცხავს ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე, რომელიც შაბათს, თბილისში უნდა გაიმართოს: ” მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება…პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი”.
● სანქციები და „დიდი ომის“ მოლოდინი. რა ხდება უკრაინის გარშემო
● “საქართველო კატეგორიულად გმობს დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას” – თბილისის რეაქცია
● უკრაინა, აშშ, რუსეთი, ირანი, ტაივანი: მსოფლიო ჯერარნახული კრიზისის წინაშე?
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 1-ელ თებერვალს მიიღო მმართველი პარტიის მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.
ამის გამო, პარტია “დროამ” უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული პეტიცია შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. პარტია “დროამ” ასევე მოითხოვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც დააწესოს.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.
ამის პასუხად გერმანიამ და აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კი რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა.
სანქციები შეათანხმა ევროკავშირმაც, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატს შეეხება, სწორედ მათ, ვინ მიმართა ვლადიმირ პუტინს, რომ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ასევე, აღიარების გამო სანქციები შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.
გუშინ რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს – VEB და სამხედრო ბანკს. ასევე, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ჯარების დამატებით ნაწილებსაც გადაისვრის.