განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავით აქიაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
საქმე ეხება სასულიერო პირებს შორის 20 აპრილს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავითმა ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.
ცნობილი გახდა დაპირისპირების ახალი დეტალები. როგორც გაირკვა, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა ცეცხლსასროლი იარაღიდანაა დაცხრილული. ინციდენტი კი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის გზაზე მოხდა
თავდაპირველად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ეპარქიაში უარყვეს. ინფორმაციას არ ადასტურებდა არც მეუფე იობი და არც არქიმანდრიტი საბა.
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავით აქიაშვილი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია და ის რუის-ურბნისის ეპარქიაში დიდი ძალაუფლებით სარგებლობს.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული კ.კ. (ერისკაცობის სახელი) ქარელში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.