აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ისევ რუსეთიდან შემოვიდა
ფულადი გზავნილები რუსეთიდან
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 21.02% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 60.34 მილიონი დოლარი, რაც 45.61%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით.
ჯამში, გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $60.34 მლნ;
- იტალია – $45.01 მლნ;
- აშშ – $40.19 მლნ;
- გერმანია – $20.35 მლნ;
- საბერძნეთი – $19.88 მლნ;
- ყაზახეთი – $18.71 მლნ;
- ისრაელი – $16.77 მლნ;
- თურქეთი – $9.01 მლნ;
- ესპანეთი – $6.22 მლნ;
- ყირგიზეთი – $4.87 მლნ;
- საფრანგეთი – $4.82 მლნ
- გაერთიანებული სამეფო – $4.4 მლნ
● საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ნიდერლანდები არიან
● IDFI-ის კვლევა: როგორ გაიზარდა რუსეთთან ტრანზაქციები, ექსპორტი და მიგრაციული ტალღა
● აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და ინფლაციის განახევრებას ვარაუდობს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია, მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.