5 ივლისიდან მოსკოვსა და თბილისს შორის რეისების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება
ფრენები მოსკოვის მიმართულებით
5 ივლისიდან რუსული ავიაკომპანია Azimut-ი აორმაგებს თბილისის მიმართულებით რეისებს და შვიდი რეისის ნაცვლად კვირასი 14 რეისს განახორციელებს.
გარდა ამისა, 10 ივლისიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია – Red Wings დაიწყებს. ამ კომპანიის თვითმფრინავები მოსკოვიდან და სოჭიდან თბილისსა და ქუთაისში იფრენენ.
„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს უკრაინის მიერ სანქცირებული Georgian Airways-იც. ამგვარად, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.
ამ ავიაკომპანიას რუსეთის მოქალაქეებისთვის სხვა სერვისიც აქვთ – ტრანზიტულ ფრენები სალონიკსა და ბერგამოში. 5 ივლისიდან კი ნიცაც დაემატება.
● პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით აღდგა.
● საქართველოს პრეზიდენტის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და დასავლელი პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა პუტინის ამ ინიციატივას შეუერთდა. პუტინის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 20 მაისს, მთავარმა ეროვნულმა ავიაგადამზიდმა “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის გამო “ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა.
● 1 ივლისს უკრაინამ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. სანქცირებულთა სიაში ასევე აღმოჩნდა რუსულ და ბელარუსულ კომპანიებთან ერთად ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც სანქციები 10 წლით დაუწესდა. განკარგულების თანახმად, გადამზიდავის წინააღმდეგ მიღებული ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების სრულ აკრძალვას.