ფეხბურთელები და ფანები
“ფიფასა” და ფრანგულ ჟურნალ France Football-ის (რომლებიც 2010 წლიდან ერთად განსაზღვრავდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელს) “განქორწინების” ყველა დეტალი არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ მგონია, რომ ეს “გაყრა” წინასწარვე იყო განსაზღვრული ასეთი თანამშრომლობის შედეგით.
ფიფას “ოქროს ბურთის” მფლობელის განსაზღვრისათვის დაწყებული თანამშრომლობის ექვსი წლის მანძილზე ეს ჯილდო მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვთ მიღებული – ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს.
თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ორ საფეხბურთო გენიოსს შორის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლა 2008 წელს ( ანუ მაშინ, როდესაც France Football ჯერ კიდევ დამოუკიდებლად განსაზღვრავდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს) დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ფეხბურთის გულშემატკივრების მთელი თაობა აღიზარდა, რომლისთვისაც ამ ბრძოლაში ნებისმიერი მესამე პრეტენდენტი ყოველთვის ზედმეტი იქნება.
“ფიფასა” და ფრანგული ჟურნალის (ამ გამოკითხვების ფუძემდებელი) შეთანხმების თანახმად, პლანეტის უძლიერეს მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვაში “ფიფას” შემადგენლობაში შემავალი ნაკრები გუნდების ყველა მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი მონაწილეობს. ამას გარდა, საუკეთესო ფეხბურთელს განსაზღვრავენ მედიის ნარჩევი წარმომადგენლებიც.
ერთი შეხედვით, ასეთი პროცედურის დანერგვით ორგანიზატორებს ობიექტურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგის მიღება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა ისე, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული.
ნამდვილად არ ვაყენებ ეჭვქვეშ ამ ორი უნიჭიერესი ფეხბურთელის გენიალურობას, მაგრამ, ამის მიუხედავად, მეჩვენება (ამასთან არამხოლოდ მე), რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საბოლოო შედეგს სახელების მაგია განსაზღვრავს ხოლმე.
ანუ ნამდვილად საკამათოა ის, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ყოველ სეზონზე სწორედ მესი ან რონალდუ იყვნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ყოველ შემთხვევაში, იმ წლებში, როდესაც ბოლო ორი მუნდიალი ჩატარდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ იმ ტურნირების გმირები იყვნენ – ინიესტა, რობენი, ნოიერი და მიულერი, რომლებსაც ამ ჯილდომ მხოლოდ მესისა და რონალდუს საოცარი პოპულარობის გამო აუარა გვერდი.
“ფიფას” შემადგენლობაში შემავალი ნაკრებების (ამჟამად მსოფლიოში 211 ასეთი გუნდია რეგისტრირებული) კაპიტნებისა და მწვრთნელების უმრავლესობა საკუთარი პირადი დამოკიდებულებებისა და მიდრეკილებების შესაბამისად ირჩევდა ფეხბურთელებს (და მომავალშიც ასე აირჩევს); ეს მიდრეკილებები და დამოკიდებულებები კი, დიდი ხანია, რაც ამ ორ მეგავარსკვლავს შორისაა გაყოფილი.
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მაშინაც კი, როდესაც მესი და რონალდუ პროფესიონალურ ფეხბურთს აღარ ითამაშებენ და დიდი ფეხბურთიდან წავლენ, ხმის უფლების მქონე ზოგიერთი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანკეტებში ერთგვარი ინერციითა და დაჟინებული პედანტურობით გააგრძლებს მათთვის (მესისა და რონალდუსათვის) პირველი ადგილების მინიჭებას.
France Football-მა გადაწყვიტა, “ფესვებს დაუბრუნდეს” და დამოუკიდებლად, პარტნიორების გარეშე ჩაატაროს გამოკითხვა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს. ამისათვის ფრანგული გამომცემლობა ძველ, ათწლეულების მანძილზე ნაცად მეთოდს გამოიყენებს. ამ ძველი წესის მიხედვით, “ოქროს ბურთის” მფლობელს განსაზღვრავენ საფეხბურთო გამოცემების ის ჟურნალისტები, რომლებსაც წლობით მიღებული რეპუტაცია აქვთ.
თავის მხრივ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს “ფიფაც” გამოავლენს, მაგრამ, ფრანგული ჟურნალის მიერ ჩატარებული გამოკითხვისგან განსხვავებით (სადაც, ინტრიგა, ასე თუ ისე, მაინც შენარჩუნებულია – რადგან გამოკითხვის შედგებს თითოეული გამომცემლობის რეპუტაციაზე შეუძლია გავლენის მოხდენა), მისი შედეგების პროგნოზირება რამდენიმე წლითაც კი შესაძლებელია – ვიდრე მესი და რონალდუ ბუცებს ლურსმნებზე არ დაკიდებენ.
ამასთან, “ფიფამ” ხმის მიცემის რთული და მრავალსაფეხურიანი პროცედურა კიდევ უფრო მეტად “გაახალხურა” – წელს მედიის წარმომადგენლებისა და ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და კაპიტნების გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის განსაზღვრაში მონაწილეობას ჩვეულებრივი გულშემატკივრებიც მიიღებენ.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ 22 ნოემბრამდე დარეგისტრირდეს ვებგვერდზე fifa.com და საკუთარი სამეული განსაზღვროს. მთლიანობაში ფეხბურთის მოყვარულთა და ჟურნალისტთა ხმები ქულების 50 პროცენტს შეადგენს – მეორე ნახევარი კი ეროვნული გუნდების კაპიტნებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგებით დგინდება.
ანუ ახლა “ფიფას” გამოკითხვა განწირულია იმისთვის, რომ არაობიექტური იყოს, რადგან არგენტინელისა და პორტუგალიელის ფანკლუბების ჩვეულებრივ შეჯიბრს ემსგავსება. ახლა ყველა იმედი France Football-ზეა, რომელიც განმარტოებით დგას.
თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფასებისას ინერციულობას ვერც ეს გამომცემლობა აუვლის გვერდს. მით უფრო, რომ მესი და რონალდუ ჯერ კიდევ მშვენიერ ფორმაში არიან.
გამოქვეყნებულია:11.11.2016