ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ფოტო
ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია
ევროპის მოედანზე მოქალაქეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ბაქოდან დღეს დაბრუნდა. ასევე აქციაზე უკვე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე დარიგდა ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაშია:
“დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს.
მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება.”
16 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის ჩატარების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. აქციას არ შეუერთდა მმართველო გუნდი, მაგრამ აქციას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები. აქციას ოპოზიციიდან შეუერთდა “ლელო”, “მოქალაქეები” და პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის.”
ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, უმოქმედობა, შეწყვეტილი საერთაშორისო ვიზიტები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ე.წ. “მეორე ფრონტზე” აპელირებით, ევროპარლამენტარების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების განაწყენება, იზოლაციის საფრთხე – ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე 14 ივნისს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემას ეხებოდა.
პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. შეაჯამა მისი ვიზიტები ევროპასა და ამერიკაში და თქვა, რომ ევროკავშირის გზაზე, სადაც უკვე “ბევრი გაფუჭებული საქმეა”, ჯერ ისევ არის მცირე, მაგრამ რეალური შანსი. სწორედ ამ ბრიფინგზე დაანონსდა დღევანდელი აქციაც.