ევროპარლამენტმა 26 ოქტომბრის არჩევნები ოფიციალურად ცნო გაყალბებულად. სანქციები, ხელახალი არჩევნები - რას წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში
გაზიარება
გაზიარება
ევროპარლამენტის რეზოლუცია
28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. რეზოლუცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას.
ეს პირველი რეზოლუციაა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტმა მიიღო.
რეზოლუციას ჰქვია: “საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ”.
მას მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს , თუმცა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მქონე დოკუმენტია – რეზოლუციით საკუთარ პოზიციას გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანო.
28 ნოემბრის რეზოლუცია ფაქტობრივად ერთსულოვნადაა მხარდაჭერული. იგი წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა.
რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, – თარგმნა ტექსტი “რადიო თავისუფლებამ” .
▇ დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.
განსაკუთრებით ხაზგასმულია დოკუმენტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ“.
ევროპარლამენტი ითხოვს ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ასევე რეზოლუციაში წერია, რომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც. ჩამოთვლილია ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
თავად ევროპარლამენტი არ არის უფლებამოსილი, რომ ევროკავშირის სანქციები დააწესოს. ამ ორგანოს მხოლოდ რელომენდაციით გამოსვლა შეუძლია. სანქცირების საკითხს ევროკავშრის წევრი სახელმწიფოები ერთობლივად, სრული კონსესუსით წყვეტენ. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებას არ ემხრობა მინიმუმ ოთხი სახელმწიფო: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითხოვს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა – ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.