ევროკავშირის საგარეო მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ
გაზიარება
გაზიარება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები “მედიატორთა ჯგუფის” შექმნას აპირებენ იმ პრობლმების გადასაჭრელად, რაც საქართველოში ბოლო დროს დაგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, იგეგმება საქართველოში ვიზიტიც:
“არის გეგმები. ახლა განვიხილავთ, სასარგებლო იქნება თუ არა ასეთი ვიზიტი. იქმნება საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შემდგარი შუამავლების ჯგუფი და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის გაგზავნა, არა მხოლოდ ლიეტუვიდან… ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე”.
ნიკა მელია 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მათი შედეგები არ აღიარა.
მელიას დაკავებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში მუშაობს, ასევე ელჩებმა და დასავლელმა პარტნიორებმა ერთხმად დაგმეს მელიას დაკავება და მას დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.
დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ. ორივე მხარე გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა. ოპოზიციას დიალოგისთვის თავისი პირობა აქვს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება.