სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას. თეთრი სახლის განცხადებით, ისინი მზად არიან, საქართველოს “საჭირო რეფორმების გატარებაში” დაეხმარონ.
მეთიუ მილერის განცხადება
“აშშ მიესალმება ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, როგორც კანდიდატებისა და მომავალი კანდიდატების ევროპული მომავლის მტკიცე დადასტურება. დღევანდელი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც ის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ამ სახელმწიფოებსა და მათ მოსახლეობას აძლევს იმედსა და სტიმულს, გააგრძელონ რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციის გასაძლიერებლად. ეს ისტორიული მომენტია ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.
აშშ განაგრძობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის მხარდაჭერას და მზად ვართ დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატ და მომავალ კანდიდატ ქვეყნებს კრიტიკული რეფორმების გატარებაში. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა მათი დემოკრატიისა და ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის და ევროპაში მომავლის უზრუნველყოფისთვის.” – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.
გუშინ, 15 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაეხსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
საბჭო მიესალმება, საერთო ჯამში, კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისთვის მყარ საფუძველს აძლევს.
ასევე, ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
“საბჭო ხაზს უსვამს ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს, შემოაბრუნოს უარყოფითი ტენდენცია და განახორციელოს პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. ეს იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული არჩევანის აშკარა ნიშანი”. – წერია დოკუმენტში.