ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონ ევროს გამოუყოფს
covid-19-თან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს. საქართველო ფინანსურ დახმარებას მიიღებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდანაც.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
”სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში”, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.
ელჩის თქმით, ევროკავშირის ფინანასური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს თავი წარმატებით გაართვას.
როგორც კარლ ჰარცელმა განმარტა, თანხა, რმელსაც საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს, გრანტია.
„მთელი ეს დაფინანსება მოდის როგორც გრანტი და არა როგორც სესხი და იგი ემატება დახმარების პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა. საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხა გამოყო. აღნიშნული თანხიდან საქართველო 183 მილიონ ევროს მიიღებს.
საქართველოს დახმარება აღუთქვეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც. მათ დღეს საქართველოს მთავრობას და ხალხს ღი წერილით მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას.
“ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”!” – აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხემძღვანელი პირები.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.