საქართველოში ერთ წელში ბინების გაყიდვა 12 პროცენტით გაიზარდა
ერთ წელში ბინების გაყიდვა 12 პროცენტით გაიზარდა
2023 წლის თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა, რაც იანვრის მაჩვენებელს 19 პროცენტით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12 პროცენტით აღემატება. “თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, გაიზარდა საშუალო გასაყიდი ფასიც და 1 კვადრატულ მეტრზე 1 136 დოლარს გაუტოლდა.
გასაყიდი ფასის ზრდით სამი უბანი ლიდერობს. ესენია:
- ვაკე (+46 პროცენტი)
- ნაძალადევი (+39 პროცენტი)
- ისანი (+34 პროცენტი)
თებერვალში გაყიდული ბინებიდან 746 ახალი იყო. რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წინა თვესთან შედარებით 15 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით ლიდერობდა დიდი დიღომი, რომელმაც საბურთალოს 2021 წლის აპრილის შემდეგ პირველად გადაასწრო.
მიმდინარე წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა:
- ნაძალადევში (+250 პროცენტი)
- დიდუბეში (+64 პროცენტი)
- გლდანში (+37 პროცენტი).
ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასი თებერვალში დაფიქსირდა მთაწმინდასა და ვაკეში, 1 კვადრატულ მეტრზე 1 800 დოლარზე მეტი ღირებულებით.
კვადრატულ მეტრზე ფასების სიმაღლის მიხედვით უბნების გადანაწილება ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა
- ვაკე
- საბურთალო
- ჩუღურეთი
- დიდუბე
- ისანი
- კრწანისი
- ნაძალადევი
- დიდი დიღომი
- გლდანი
- სამგორი
● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში მკვეთრად შეცვალა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე. ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.
გამოცემის ცნობით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
რუსეთის და ბელარუსის ათასობით მოქალაქის შემოსვლამ განსაკუთრებით ბინის ქირის ფასი გაზარდა – გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით ქირა 210 პროცენტითაა მომატებული. გაძვირებულია გასაყიდი ფასიც.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 1 მილიონ 45 ათას 614 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მხოლოდ სექტემბერში, მას შემდეგ რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში 222 ათას 274 რუსი შემოვიდა.
IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.