ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა იქნება.
მურთაზ ზოდელავა 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო.
მურთაზ ზოდელავას კონკურენტი ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიიდან ირაკლი ხახუბია იქნება, ხოლო “ევროპული საქართველოდან” – გიგა ბოკერია.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ერთპროცენტიანი იქნება: იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში მოხვდეს, მან ამომრჩეველთა ხმების 1% უნდა მიიღოს, პოლიტიკური პარტიების ბლოკმა კი ამომრჩეველთა ხმების იმდენი 1%, რამდენი პარტიაც არის მასში გაერთიანებული: თუ ბლოკი 5 პარტიისგან შედგება, მაშინ მან პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა ხმების 5% უნდა მიიღოს.
გარდა ამისა, გაჩნდა ე. წ. “ჩამკეტი”. პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები დაუჭერს მხარს, ერთპარტიული მთავრობის დაკომპლექტების უფლება აღარ ექნება.