ელენე ხოშტარიას მოძრაობა "დროა" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა
გაზიარება
გაზიარება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიამ, პარტია “დროას” პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა.
“დროას”წევრებს შორის არიან საქართველოს ყოფილი ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი ნინო გოგუაძეც.
“ჩვენი პარტია არის არა ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების ერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი გუნდი გააღვივებს ადამიანებში იმ რწმენას, რომლის დანგრევას და სიძულვილის დათესვას, უიმედობის დათესვას ცდილობს ქართული ოცნება”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიამ.
დავით სიხარულიძის თქმით, პარტია ღია იქნება ყველა იმ ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვისაც აქვს პროგრესული იდეები და ქვეყნის წინსვლა სურს:
“მე მტკიცედ მჯერა და იდეაც ამ პარტიის შექმნის არის ის, რომ ეს არ იქნება შეზღუდული, მკაცრი პარტიული ჩარჩოებით, არ იქნება ჩაკეტილი პარტიული სტრუქტურა. ეს იქნება ღია სტრუქტურა, რომელიც ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს იდეები. არ არის აუცილებელი რაღაც ფორმალიზებული წევრობა. ამიტომ, ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს პროგრესული იდეები, ვისაც სურს საქართველოს წინსვლა. ითანამშრომლოს, გახსნილია ეს პარტია ყველა ტიპის თანამშრომლობისათვის.”
პარტიის პრეზენტაციისას სიტყვით ბათუ ქუთელიაც გამოვიდა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს თავისუფალი დემოკრატიების ოჯახში.
“ჩვენ გვჯერა მაშინ, როდესაც ეს რწმენა დაფუძნებულია ფასეულობებზე. ამოსავალი წერტილი ყველა წარმატებული სახელმწიფოსი, რომელმაც პროგრესი შეუქცევადად განიცადა, ეფუძნება სწორედ მთავარ ფასეულობას – თავისუფლების იდეას. ასეთი წარმატებული სახელმწიფოების რიგში ვფიქრობ დროა, ჩადგეს საქართველოც”, – აღნიშნა ქუთელიამ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 24 ივნისს წარადგინა.
თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს.
ამავდროულად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.
რაც შეეხება ვიცე-მეობის კანდიდატს, ამ პოზიციაზე პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი, ცოტნე კობერიძე იქნება.