ტრამპის ინაუგურაცია
დღეს ვაშინგტონში აშშ-ი 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაცია იწყება.
ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის აღმოსავლეთის ანაპიროს დროით 09:30 მუსიკალური გამოსვლებით დაიწყო. ეროვნულ ჰიმნს იმღერებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, დაიწყება რელიგიური ლიდერების გამოსვლები, შემდეგ ფიცს დადებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, შუადღეს კი საზეიმო ფიცის ტექსტს თავად დონალდ ტრამპი წარმოთქვამს.
წინა დღეს, ვაშინგტონში გამართული კონცერტის დროს დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ამერიკას „გააერთიანებს“. ჩვენ ქვეყნის გაერთიანებას ვაპირებთ… ჩვენ გვინდა, ამერიკა მთელი ხალხისთვის დიად ქვეყნად ვაქციოთ. ყველასთვის და თითოეულისთვის მთელს ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ტრამპმა 2-საათიანი კონცერტის დასრულებისას.
ლინკოლნის მემორიალის საფეხურებზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპი ამერიკელებს გარდაქმნებს დაჰპირდა, მათ შორის – ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საზღვრების გამაგრებასა და ჯარის გაძლიერებას.
ტრამპის ინაუგურაცია იმ გამოძიების შესახებ ინფორმაციის ფონზე მომდინარეობს, რომელსაც არჩეული პრეზიდენტის თანამებრძოლების მიმართ ატარებენ ამერიკული სპეცსამსახურები.
როგორც The New York Times წერს, გამოძიება შეეხება ტრამპის გარემოცვის რუსეთის ოფიციალურ პირებთან კავშირებს . გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის, კარტერ პეიჯის – ბიზნესმენისა და საგარეო საკითხებში წინასაარჩევნო კამპანიის მრჩევლის, ასევე როჯერ სტოუნის – ტრამპის მრჩევლისა და ნდობით აღჭურვილი პირის მიმართ.
ასევე აშშ-ს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოაქვეყნა დასამშვიდობებლი სიტყვაამომრჩევლებისადმი. „ ყველაფერი, რაც თანამდებობაზე ყოფნისას ვისწავლე, თქვენგან ვისწავლე, – წერს ობამა, – თქვენი წყალობით უკეთესი გავხდი – როგორც პრეზიდენტი და როგორც ადამიანი.“
წერილში პრეზიდენტმა მისი მმართველობისდროინდელი მიღწევებიც გაიხსენა – წარმატებები მედიცინისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ამერიკელების უმრავლესობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ერთსქესიანებს შორის ქორწინების ლეგალიზაცია, დევნილთა დახმარება.
ბოლოს ობამა მოუწოდებს ამერიკელებს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, იყვნენ იმ ქვეყნის წესიერი მოქალაქეები, რომელშიც ცხოვრობენ. „ და როდესაც მოგეჩვენებათ, რომ პროგრესის სვლა ნელდება, გაიხსენეთ: ამერიკა – ერთი ადამიანის პროექტი არ არის, ჩვენს დემოკრატიაში არსებობს ერთი ყველაზე ძლევამოსილი სიტყვა: სიტყვა „ჩვენ“. ჩვენ – ხალხი. ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. დიახ, ჩვენ შევძლებთ“, – აღნიშნა ობამამ.
ჯერჯერობით უცნობია, რით დაკავდება თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. ალბათ, ობამა საზოგადოებრივი მოღვაწეობით და პედაგოგობით დაკავდება. მან უარყო ვერსია, თითქოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობას აპირებს.
როგორც BВC აღნიშნავს, თავის ინტერვიუებში ის აცხადებდა, რომ ახალი თაობის დემოკრატი ლიდერების აღზრდაში სურს მონაწილეობა, „იდეალურ შემთხვევაში კი – NBA-ს საკალათბურთო გუნდის შექმნა“.