TI-ის ანგარიში: ჟურნალისტებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს
ჟურნალისტებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” 2024 წელს მედიაზე ძალადობის ანგარიშს აქვეყნებს და ვითარებას “საგანგაშოს” უწოდებს. მათი თქმით, მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე.
TI -ის განცხადებით, 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
რა წერია ანგარიშში:
● განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.
● პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
● ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის.
● აქციების მიმდინარეობისას მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი – გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები.