კომენტარი: დასავლეთში ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტენ იმას, რასაც ოცნება მათ აქამდე მიაწერდა, ანუ ხელისუფლების შეცვლას
დავით ზურაბიშვილის კომენტარი
პოლიტიკური მიმომხივლველი დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ დრაკონული კანონების მიღება ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთში “ბოლოს და ბოლოს” გადაწყვეტენ იმას, რასაც ოცნება მათ აქამდე მიაწერდა, ანუ ხელისუფლების შეცვლას.

დავით ზურაბიშვილი: “ხელისუფლება ერთიმეორის მიყოლებით აცხობს კანონებს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ხელისუფლების ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღება, ცდილობენ სრულად გააკონტროლოს არასამთავრობო სექტორი, დაანონსებულია პარტიების აკრძალვა და ა. შ. და ა. შ. კიდევ რა მოუვათ ამათ თავში და რას გამოაგდებენ, ალაჰმა უწყის.
რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას და რაში ჭირდება ასე ფორსირებულად დიქტატორული რეჟიმის ფორმირება?
ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ყველაფერი არის მცდელობა ამოიქოლოს ყველა შესაძლო ხვრელი საიდანაც ხელისუფლებას, მისი აზრით, ემუქრება რევოლუცია და გადატრიალება. ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას სრულიად სერიოზულად ჰგონია, რომ ამერიკის და ევროპის ჩრდილში მიმალული გავლენიანი ძალები, რომელსაც ხან დიფსთეითად იხსენიებენ და ხან გლობალური ომის პარტიად, ოცნების ხელისუფლებას აყირავებას უპირებენ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების საგრანტო დაფინანსებით. ეს ასევე სჯერა ოცნების მომხრეთა მნიშვნელოვან ნაწილსაც.
შესაბამისად, ოცნება მიმართავს კონტრზომებს, რათა არ დაუშვას რევოლუცია და რახან აქაური ოპოზიციის პატრონებს დასავლეთში ვერ გააგებინეს, რომ შეეშვან ამ გლახა საქმეს და ბატონ ბიძინასთან დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობა, იძულებული არიან მიიღონ ასეთი დრაკონული კანონები. აბა რა ქნან, დანებდნენ და ნაცებს ჩაუგდონ ხელში ეს ქვეყანა?
ახლა თუ ვინმე ამაზე აღშფოთდა, რა მდაბიო იდიოტობაა ეს ყველაფერიო, დავეთანხმები: ნამდვილად ქაჯობის და მდაბიოობის პიკია ასეთი კონსპირაცია, მაგრამ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ბიძინასაც, მის გარემოცვასაც და მათი მომხრეების დიდ ნაწილსაც მსგავსი ნაბოდვარის მართლა სჯერათ, აქედან გამომდინარე იმ შედეგებით, რომელთაც ყველა ვხედავთ. რატომ სჯერათ ამ სიგიჟის, ცალკე თემაა, მაგრამ მთავარია რომ სჯერათ და ამ მოცემულობის მიხედვით მოქმედებენ.
როგორც უკვე ვთქვი, მათი ასეთი აზროვნება და შესაბამისი ქცევა ძალიან სერიოზული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის. ოღონდ ეს ასევე სერიოზული პრობლემა ოცნებისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც.
საქმე ისაა, რომ რეალურად არც ამერიკაში და არც ევროკავშირში აქამდე არც არავინ განიხილავდა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობას. ცხადია, მათ ვერ დაარწმუნეს ამაში თავად ივანიშვილი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. მთელი დასავლეთი ცდილობდა ბიძინას გადარწმუნებას, დაყოლიებას, მერე მცირე ზეწოლით აზრზე მოყვანას, მაგრამ ამაოდ. ივანიშვილი ყველა ამ მცდელობას აყირავების გეგმის ნაწილად მიიჩნევდა და შესაბამისადაც პასუხობდა. ბოლო იმედი იყო საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ამ არჩევნების შემდეგ ბიძინამაც და ოცნებამაც მთლად აიწყვიტეს და ე. წ. კოლექტიურ დასავლეთი ფაქტობრივად მთავარ მტრად გამოაცხადეს.
რა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას? ის, რომ დასავლეთში ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტენ იმას, რასაც ოცნება მათ აქამდე მიაწერდა, ანუ ხელისუფლების შეცვლას და გარწმუნებთ მათ ამისთვის ძალიან ქმედითი ბერკეტები აქვთ. მინდა გითხრათ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ქმედებები და არანაირი პარტიების და გრანტების აკრძალვა ამას არ უშველის.
ამ საფრთხეს ალბათ აქამდეც საკმაოდ რეალური კონტურები ექნებოდა შეძენილი, რომ არა ტრამპის არჩევის შემდეგ დატრიალებული პოლიტიკური ქარიშხალი. ამ ქარიშხალმა გარკვეული ხნით გადაავადა საქართველოს საკითხი, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს ჩვენთვის არ ეცალა, მაგრამ ადრე თუ გვიან როგორადაც არ უნდა დალაგდეს ახალი მსოფლიო წესრიგი, ჩვენთვისაც მოიცლიან და ოცნების ტრიუმფალური სვლა დიქტატურისკენ, ყველა ვარიანტში სათანადოდ იქნება შეფასებული.
აი მაშინ კი, თუ ხელისუფლებაში ასე თუ ისე აზრზე არ მოვლენ, რუსთაველის არ იყოს, მათვე რისხვით გადაუბრუნდებათ სიბორბლე და სიმრგვალე ცისა, მაგრამ ვშიშობ, უკვე გვიან იქნება თითზე კბენანი.”