დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, 28 მარტს ეწვევა.
ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში. მისი პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმებით ვერ დასრულდა. დანიელსონი საქართველოში დაგეგმილზე სამი დღით მეტ ხანს დარჩა, რადგან მოლაპარაკებებში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.
შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მიღწეული პროგრესის” მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ წითელი ხაზები პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე გადის, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.
________________________________
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს გაიმართება
● შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს
____________________________________
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.