ქრთამის აღების ბრალდებით, აზერბაიჯანში საგარეო უწყების მაღალჩინოსნები დააკავეს
ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ ქრთამის 80 პროცენტს სამინისტროს საჭიროებებზე ხარჯავდა
აზერბაიჯანში, ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. მათ ყველაფერი აღიარეს და დეტალებზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 3 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი ფარხად მოლაზადე, სამეურნეო განყოფილების უფროსი სალიმ ალიზადე და საკონსულო მიმართულების იურიდიულ-საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნურუფაშა აბდულაევი.
• კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
• წყალი არ არის, არაფერი არ იზრდება და ხშირად ისვრიან: აზერბაიჯანული სოფლის ისტორია – ვიდეო
არსებული ინფორმაციით, მოლაზადე და ალიზადე ეჭვმიტანილები არიან ფულის მითვისებაში, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობისთვის იყო გამოყოფილი. ამას გარდა, „აუცილებელი სამეურნეო საქონლის შეძენის დროს, ეჭვმიტანილები ბიზნესმენებისგან ანგარიშზე ქრთამის სახით გარკვეული თანხის ჩარიცხვას ითხოვდნენ“.
ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს დოკუმენტები იურიდიული პირების მოსყიდვისა და გაწეული „სამუშაოსთვის“ მიღებული ფულის შესახებ.
ფარხად მოლაზადესა და სალიმ ალიზადეს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“, „გაფლანგვისა“ და „ქრთამის აღების“ მუხლებით, ნარუფაშა აბდულაევას წინააღმდეგ კი მხოლოდ „ქრთამის აღების“ მუხლით.
დაკავებულებმა კამერის წინაშე აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში, მათ დეტალურად ისაუბრეს საკუთარი ქმედებების შესახებ. ეს დეტალები აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა.
ელხან შაჰინოღლუ – პოლიტოლოგი, კვლევითი ცენტრი „ატლასის“ ხელმძღვანელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ფარხან მოლაზადეს აღიარების ციტირებას ახდენს:
„ისინი ფულს აძლევდნენ სალიმს და მას ჩემთვის მოჰქონდა. მე 10 პროცენტს ჩემთვის ვიტოვებდი და 10 პროცენტს სალიმს ვაძლევდი. დანარჩენს ჩვენ სამინისტროს პრობლემების გადაჭრაზე ვხარჯავდით“. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს. ბოლო წინადადება ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ პრობლემებს ქრთამების ხარჯზე ჭრიდა.
ვერაფერს იტყვი!“ რა ხდება სამინისტროში, რომელიც აზერბაიჯანს მსოფლიოში წარმოადგენს? და იმის ნაცვლად, რომ თანამდებობიდან გადადგეს, ელმარ მამედიაროვი (აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – JAMnews) დღეს ონლაინკონფერენციას მართავს რომელიღაც ევროპულ ორგანიზაციასთან“.