აზერბაიჯანში გავრცელდა ინფორმაცია პოლიტპატიმარ ფუად გახრამანლის წამების თაობაზე
აზერბაიჯანში, სოციალურ მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 1-ელ აგვისტოს, ერთ-ერთ ციხეში, წამების გამო, პოლიტპატიმარი ფუად გახრამანლი გარდაიცვალა.
ფუად გახრამანლი პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ სხვა 44 წევრთან ერთად ბაქოში, 15 ივლისს, არმიის მხარდაჭერის მიზნით გამართული აქციის შემდეგ დააკავეს.
„ილჰამ ალიევო [აზერბაიჯანის პრეზიდენტი], თუ ადამიანებს, რომლებიც თქვენ დააპატიმრეთ, რამე შეემთხვევათ, ამაზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გახრამანლის ყოფილმა ცოლმა, ზუმრუდ იაგმურმა.
• დაღუპულთა ცხედრების ჩამოსვენების შემდეგ, ბაქოში არეულობები დაიწყო
• აზერბაიჯანში, სულ მცირე, 40 პატიმარი დაინფიცირდა კორონავირუსით, მათ შორის, პოლიტპატიმრებიც
ფუად გახრამანლის წამების შესახებ წერს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილიც:
„სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ აღმასრულებელი დირექტორი ფუად გახრამანლი აწამეს. არის ინფორმაციაც, რომ ის მკვდარია. ადვოკატ ბახრუზ ბაირამოვს მისი დაკავების შემდეგ მასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.
პარტიის კიდევ ორი წევრი, ბაბა სულეიმანი და სეიმურ ახმადოვიც, შესაძლოა, ასევე სასტიკად აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. როგორც იტყობინებიან, ბაბა წამების შემდეგ დათანხმდა, რომ ხელი მოეწერა ცრუ ჩვენებებზე პარტიის თავმჯდომარის , ალი ქემერლის წინააღმდეგ.
ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას. ადვოკატებს საკუთარი კლიენტების ნახვის უფლებას არ აძლევენ, აზერბაიჯანში კი წამების წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს“.
45 დაკავებულ ოპოზიციონერს თავდაპირველად ბრალი არმიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ჩადენილი უკანონო ქმედების გამო წარუდგინეს.
თუმცა, შემდეგ ბრალდება შეიცვალა და ახლა ზოგიერთი დაკავებული ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაშია ბრალდებული.