აზერბაიჯანში ახალგაზრდა პოლიტოლოგს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ
ბაჰრუზ სამედოვს ღალატში ედება ბრალი
აზერბაიჯანში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს ახალგაზრდა აქტივისტი და პოლიტოლოგი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაჰრუზ სამედოვი. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მას სამშობლოსთვის არ უღალატია.
”მე მხოლოდ მშვიდობა მინდოდა”, – თქვა აქტივისტმა სასამართლო პროცესზე.
- “Abzas Media“-ს საქმეში მონაწილე პირებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
- აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
ბაჰრუზ სამედოვი არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჩარლზის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების განყოფილების დოქტორანტი. ახალგაზრდა პოლიტოლოგი, რომელიც ეყრდნობა პოსტსტრუქტურალისტურ და ფსიქოანალიტიკურ თეორიებს, სწავლობს ჰეგემონიასა და პოლიტიკურ დისკურსს აზერბაიჯანში.
ის ასევე არის OC Media-სა და ბაქოს კვლევითი ინსტიტუტის ავტორი. ცნობილია თავისი კრიტიკული სტატიებით აზერბაიჯანის მთავრობის შესახებ.
ახალგაზრდა პოლიტოლოგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პროექტებში.
23 აგვისტოს ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ღალატი) ბრალდებული აქტივისტის, ბაჰრუზ სამედოვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ.
მისი ადვოკატის, ზიბეიდა სადიგოვას თქმით, მოსამართლემ სამედოვს წინასწარი პატიმრობა იმიტომ შეუფარდა, რომ ის საზღვარგარეთ სწავლობს და “შესაძლოა ქვეყნიდან გაიქცეს.”
“ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ და აღვნიშნეთ, რომ ბრალდებული დამალვას არ აპირებდა. თავად ბაჰრუზმა თქვა, რომ ის უდანაშაულოა და არასოდეს ჩაუდენია სამშობლოს ღალატი. მან განაცხადა, რომ ის არის მშვიდობისმოყვარე ადამიანი, აღიარებს ქრისტიანობას და ეს რელიგია ხელს უწყობს მშვიდობას. მას მხოლოდ მშვიდობა სურდა – თავის კვლევაში მან ასახა ორივე მხარის პრობლემები“, – აღნიშნა სადიგოვამ.
ამის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელსაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სამედოვმა განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე ზეწოლა განხორციელდა.
პრო-სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Report-ის ცნობით, “სასამართლო პროცესზე დასახელდა სომხეთის მოქალაქეების გვარები, რომლებსაც, გამომძიებლების ეჭვების თანახმად, სამედოვმა გადასცა ინფორმაცია და ვისგანაც იღებდა დავალებებს“.
სამედოვმა სახლი 21 აგვისტოს საღამოს დატოვა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, სამედოვის ბებიამ, ზიბეიდა ოსმანოვამ განაცხადა, რომ მათთან მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც თავი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინა გაჩხრიკეს. ოსმანოვას თქმით, ამ პირებმა ბინიდან შვილიშვილის საბუთები, წიგნები და კომპიუტერები წაიღეს.
თითქმის ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები არ ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ სამედოვის დაკავების ფაქტს. ისინი ასევე არ პასუხობდნენ ოჯახისა და მეგობრების თხოვნებს.
23 აგვისტოს ჩარლზის უნივერსიტეტმა ბაჰრუზ სამადოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარლზის უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს ბაქოში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასპირანტის, ბაჰრუზ სამადოვის დაკავების ამბებს.
“ჩარლზის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ჩარლზის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს სანდო წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვებაზე. ჩარლზის უნივერსიტეტი ასევე დაუკავშირდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის მოთხოვნით.“ – ნათქვამია დოკუმენტში.