აზერბაიჯანში თავდაცვის ექს-მინისტრი დააკავეს
დაკავებულია აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რაგიმ გაზიევი. არსებული ინფორმაციით, ექს-მინისტრი სოციალურ ქსელებში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე გამწვავებული ვითარების შესახებ, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, „გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ მან ჩაიდინა ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას, ახდენდა პროვოცირებას – ხალხს მოუწოდებდა არეულობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისკენ“.

თავდაცვის ექს-მინისტრი დაკავებულია ეჭვმიტანილის სტატუსით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე (საჯაროდ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდება) და 282-ე (პროვოკაცია) მუხლებით.
რაგიმ გაზიევი თავდაცვის მინისტრი იყო აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის მმართველობის დროს, 1992-1993 წწ.
მისი მინისტრობის პერიოდი დაგვამახსოვრდა ფრონტზე, დიდი ტერიტორიული დანაკარგებით.
ყოფილი მინისტრის დაკავება სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის თემა გახდა, სადაც ძირითადად გაზიევს აკრიტიკებენ და ხელისუფლებას სოლიდარობას უცხადებენ.
ზოგიერთი კომენტარი:
„მან ყარაბაღში, ათასობით ჩვენი თანამოქალაქე შესწირა“.
„სწორად მოიქცნენ. მას მაშინ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა, არ ღირდა გათავისუფლება. დროა, გამოვასწოროთ შეცდომები. ჯერჯერობით არაფერია ნათელი“.
„შესაძლოა, რაგიმი სწორ ინფორმაციას იძლეოდა. მას ხელი შეუშალეს“.
„აზერბაიჯანს რაგიმ გაზიევისგან სარგებელი არ ჰქონდა, როდესაც მინისტრი იყო, ახლა რა უნდა ვთქვათ“.
„ის უნდა დაეკავებინათ. საერთოდ, დიდი ხნის წინ უნდა დაეპატიმრებინათ. მაშინ, ტერიტორიების დაკარგვაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. და ახლაც ღიად მოუწოდებს ადამიანებს პროვოკაციისკენ“.