აზერბაიჯანში პოლიციის მიერ პატიმრების წამების ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა
11 აგვისტოს, აზერბაიჯანში, სოციალურ მედიაში, ბაქოში, პოლიციის განყოფილებაში, პატიმრების წამების ამსახველი ფოტოსურათები გამოქვეყნდა. ზოგიერთი ადამიანი ფოტოებზე სრულიად შიშველია, ზოგიერთ ფოტოსურათზე კი სახეები ჩანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფოტოები სინამდვილეში აზერბაიჯანში არ არის გადაღებული, მაგრამ ბლოგერებმა მოიყვანეს რამდენიმე არგუმენტი, რომელიც, მათი აზრით, სამინისტროს სიცრუეში ამხელს.
ფოტოები აზერბაიჯანში აკრძალული გაზეთის, “Азадлыг” (თავისუფლება) Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოს ქვემოთ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორის, განიმატ ზახიდის ხელმოწერაა, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს.
ფოტოსურათების ქვეშ გაკეთებულ კომენტარებში ამტკიცებენ, რომ ისინი გადაღებულია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში წამების დროს.
ვინ გადაიღო და გაავრცელა ფოტოები, უცნობია. ასევე უცნობია, ვინ არიან ამ ფოტოებზე ასახული ადამიანები.
• აზერბაიჯანში გავრცელდა ინფორმაცია პოლიტპატიმარ ფუად გახრამანლის წამების თაობაზე
„ეს ფოტოები დეტალურად შევისწავლეთ. ამ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი პირები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ფოტოები კი აზერბაიჯანში არ არის გადაღებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ერთ-ერთ სურათზე აზერბაიჯანის დროშა ჩანს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ განაცხადა, რომ „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება აზერბაიჯანის დროშის მოძიება“.
ამას მალე უპასუხა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ჰაბიბ მუნთეზირმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
„და რას იტყვით, ფოტოზე გამოსახულ შსს-ს გერბზე? მისი მოძიებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება? როგორი მატყუარები და ნაძირლები ხართ. და როგორ დაგიჯერებთ ხალხი თქვენ?!“.
მომხდარმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
ზოგიერთი სახასიათო კომენტარი:
„არსებობს კანონიერი სასჯელი სამართალდარღვევებისთვის, მაგრამ ამგვარი სახით ადამიანის ღირსების შელახვა დაუშვებელია“.
„წარმომიდგენია, რას უშვრებიან ოპოზიციონერებს. საბრალო ფრონტელები“.
„თუ ხალხი თავისი ბედის მიმართ გულგრილი დარჩება, პოლიცია ყველას ამოგვწყვეტს“.
„აი, სისტემის ძალა. ეს, რა თქმა უნდა, შეგნებულად ვრცელდება. ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს ნახავს, შიშისგან აღარასოდეს აღარ შეუერთდება პოლიტიკურ პროცესებს. მაგრამ ეს ხელისუფლებასაც ურტყამს: ისინი ადამიანებში სიძულვილს ზრდიან, რაც კარგს არაფერს მოიტანს“.