"აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან - აფგან სადიგოვის მეუღლე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში ციხეში იმყოფება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, მეუღლემ სევინჯ სადიგოვამ 24 მარტს განაცხადა, რომ მისი ქმარი წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ მოპყრობას განიცდის. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ აფგან სადიგოვს სათანადო კვება მიეწოდოს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში, სადაც ის ემიგრაციაში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობდა, საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 2024 წლის 3 აგვისტოს ქუჩაში დააკავეს. საქართველოს შსს-მ მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მას “მუქარასა და გამოძალვასთან დაკავშირებული დანაშაულების“ გამო ეძებდა, რის გამოც მისი ექსტრადირება იგეგმებოდა. სადიგოვმა 161-დღიანი შიმშილობა დაიწყო.
2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანისთვის სადიგოვის გადაცემა აეკრძალა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ პატიმრობაში რჩება, მისი მომავალი კი გაურკვეველია.
20 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა: „ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უკანონოდ აჩერებენ ციხეში ექსტრადიციის მიზნით.“ Amnesty International-მა, ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს.
24 მარტს სევინჯ სადიგოვამ Facebook-ზე დაწერა:
„დღეს იზოლატორიდან ჩემმა მეუღლემ, აფგან სადიგოვმა დამირეკა. მან 161 დღე იშიმშილა და 28 თებერვალს შეწყვიტა შიმშილობა. გასაგებია, როგორი იქნება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ყველაფრის შემდეგ. აფგანმა მითხრა, რომ 18 მარტიდან ვერაფერს ჭამს, გარდა ჩაისა და წყლისა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პატიმრებს გაფუჭებულ საკვებს აძლევენ. თბილისის ციხეში ადამიანები სასტიკ მოპყრობას განიცდიან.”

აფგან სადიგოვის დაცვის პროცესში არსებული წინააღმდეგობები
საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც აფგან სადიგოვის უფლებებს იცავს, ხაზს უსვამს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების, ადეკვატური კვების და უფრო მსუბუქი სასჯელის პირობების აუცილებლობას.
ცენტრის იურისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანს არ უნდა გადაეცეს, საქართველოს სასამართლოები კვლავ ძალაში ტოვებენ მის ექსტრადირების გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შემდგომში სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს ექსტრადიციის დროებით შეჩერებას, მაგრამ ის პირდაპირ არ კრძალავს მის განხორციელებას.
„ჩვენი შეფასებით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ცენტრის იურისტები განაგრძობენ აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას, რათა თავიდან აიცილონ მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში და მიაღწიონ მის გათავისუფლებას.
- „აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალადობაზე წავა“ – აქტივისტები განიხილავენ დევნილი ბლოგერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს
- ყველაფერი კანონის ფარლგებშია. როგორ გაანადგურა და დაიმორჩილა ალიევმა მედია
კონტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალი ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით: „შანტაჟით გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მითვისება დაუდგენელი პირისგან და ასევე, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით მუქარა“.
აფგან სადიგოვი, რომელიც საინფორმაციო პორტალ Azel.TV-ს ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში პირველად დააკავეს 2020 წლის მაისში ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შემდგომში, სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა ექვს წლამდე, ხოლო აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა.
ციხეში ყოფნისას, სადიგოვმა 242-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა. საბოლოოდ, მან სასჯელის ნაწილი მოიხადა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა, პატიმრობაში საერთო ჯამში ორი წელი და 15 დღე გაატარა.