ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს 5 ათასი დოზა აჩუქა
საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად AstraZeneca-ს 5 000 დოზა მიიღო, ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.
“ავსტრიამ გვაჩუქა 5 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს კულუმბეგოვი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის ადამიანები ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა მიიღოს, აცრას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ეს დოზები ქვეყანაში დონაციის გზით უნდა შემოვიდეს.
AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა საქართველოში შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვეღარ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ვაქცინის დოზები “შეუსაბამო პირობების” გამო გამოუსადეგარი გახდა.
ამასთან ერთად, 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მილიონი დოზა ჩინური “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინა შემოვიდა, თუმცა აცრის მსურველები საიტზე ერთი დღის განმავლობაში ვერ რეგისტრირდებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საიტზე Booking.moh.gov.ge კიბერშეტევა განხორციელდა. საიტის აღდგენის შემდეგ კი ცნობილი ხდება, რომ ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
რაც შეეხება “ფაიზერის” ვაქცინას, ის ეტაპობრივად, ივლისიდან შემოვა და როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, “ფაიზერის” შემოსვლის შემდეგ, 16 წლიდან მოსახლეობის აცრა დაიწყება.
____________________________________________________________
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ