შემთხვევა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქართველი ჯარისკაცები სხვა სამხედროებთან ერთად ბაზაზე პატრულირებდნენ, როდესაც ბაზას თავს დაესხნენ.
შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე 26 წლის უმცროსი ქართველი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მდინარი ბიბილაშვილი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა.
ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
ბაგრამის ბაზაზე მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის – უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის – დამაკმაყოფილებელი. სამივე ჯარისკაცი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში გადის.
• ქართული ქვედანაყოფი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2015 წლიდან მონაწილეობს. მისიაში 14 სახელმწიფოდან 13 459 სამხედროა ჩართული, მათ შორის 870 ქართველი ჯარისკაცი.ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი სამხედრო საქართველოს ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი, წევრი სახელმწიფოებიდან კი, აშშ-ის.
• ნატო-ს “მტკიცე მხარდაჭერის” მისიამ (Resolute Support Mission) ალიანსის ISAF-ის მისია 2015 წლის პირველ იანვარს ჩაენაცვლა. “მტკიცე მხარდაჭერა” არ არის საბრძოლო მისია. მისი მიზანია ავღანეთის შეირაღებული ძალების წვრთნა და დახმარება. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს.