არმენ სარგსიანი, ერევანი
ეგვიპტის პირამიდები, ინკვიზიცია, ვატერლოოს ბრძოლა და ნარეკაცის ლექსები (შეგიძლიათ, ეს სია საკუთარი გემოვნებით გააგრძელოთ) … მოკლედ რომ ითქვას, მსოფლიო ცივილიზაცია დედამიწის ზედაპირის 29,2%-ზე იქმნებოდა. დანარჩენი 70 პროცენტზე უბრალოდ მლაშე წყალია. მაგრამ კაცობრიობას ხმელეთის 29%-იც ეყო იმისთვის, რომ თავისი სირცხვილისა და სიამაყის ისტორია შეექმნა.
ათასწლეულების განმავლობაში, წლიდან წლამდე ადამიანები ერთმანეთს გადასცემდნენ ფოლადის წრთობის საიდუმლოს, მოცარტის ნოტებს, შავ ჭირს, კოკა-კოლას შემადგენლობას და… უამრავ პრობლემას. მიმდინარე 2016 წელი ხონჩით ართმევს მომდევნო წელს ერთ-ერთ ყველაზე აუტანელ სიტყვას. სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობაში ამ ტერმინმა ასეთი განმარტება მიიღო (ციტატა შემოკლებით მოგვყავს):
დევნილი
რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, სოციალური ან პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფება იმ ქვეყნაში, რომლის მოქალაქეც არ არის და არ შეუძლია, ან არ უნდა იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომლის მოქალაქეცაა.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი ლტოლვილია. მხოლოდ სირიის კრიზისის შედეგად ეს სტატუსი დაახლოებით 5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. დიასპორის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად სომხეთში, სულ ცოტა, 12 500 სირიელი სომეხი იმყოფება.
ის ადამიანები, რომლებიც ახალ წელს შინ ხვდებიან, როგორც წესი, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვას უყურებენ ტელევიზორით და შამპანურს ხსნიან. ლტოლვილებისთვის კი წლის ბოლო წუთები სხვანაირად გადის. ისინი უსმენენ: (თუკი სურვილი, განწყობა, ტელევიზორი და ელექტროენერგია აქვთ):
1. – იმ სახელმწიფოს მეთაურის მიმართვას, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან;
2. – იმ სახელმწიფოს მეთაურის მიმართვას, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ;
3. – დამატებით, მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც მათი ქვეყნის პრობლების მოსაგვარებლად მუშაობენ.
ამ მიმართვებს ყოველთვის ერთი მთავარი აზრი ჰქონდა: “დაე ჩვენი ქვეყანა აღორძინდეს და ახალი სასიცოცხლო კეთილდღეობა მიიღოს. გილოცავთ ახალ წელს, თანამოქალაქეებო!” თუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ სიტყვების სწამთ, უმორჩილესად ვთხოვ… უყურონ “გარდაცვლილი” ქვეყნის ხელმძღვანელის ამ მიმართვას, რომელიც 1991 წელს აჩვენეს.
შეხედეთ, რა მხნედ და მაღლა აწეული თავით მიმართავს თავის “ძვირფას თანამემამულეებს” სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც სისხლში გაისვარა ხელი, მილიონობით ადამიანს შიმშილი და ტანჯვა მოუტანა და სამყარო ახალი დევნილებით “უზრუნველყო”.
აშკარაა, რომ რამდენიმე დღეში ნამდვილად დევნილების წელი დადგება. და ეს დევნილთა წელი იმდენად მძლავრი იქნება, რომ არამხოლოდ ხმელეთის 29%-ზე, არამედ მლაშე წყლის 70%-ზეც გავრცელდება. და აი, ამის დამამტკიცებელი საბუთი – წითელი წერტლი ზღვის ლურჯ ზედაპირზე იმ ადგლს მიუთითებს, სადაც ფოტოგრაფი სერგეი პონომარიოვი დევნილებს “წააწყდა”.
გამოქვეყნდა: 21.12.2016