არჩევნებიდან მოხსნილმა ალექსეი ნავალნიმ საპროტესტო აქციის თარიღი დაასახელა
გაზიარება
გაზიარება
REUTERS/Tatyana Makeyeva
ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა, დააანონსა სრულიად რუსეთის ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 28 იანვარს არის დაგეგმილი.
როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, ნავალნის მხარდამჭერები უკვე ახლავე წარადგენენ წინასწარ განაცხადებს 28 იანვარს მსვლელობებისა და მიტინგების ჩასატარებლად, რათა რეგიონულმა ხელისუფლებამ ამ დღეს რაიმე სხვა ღონისძიების ჩატარება არ დაგეგმოს.
თავის ბლოგში ნავალნიმ მიუთითა 80 ქალაქი, სადაც აქციის ჩატარება იგეგმება. მათ შორისაა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ნოვოსიბირსკი, ეკატერინბურგი, ვლადივოსტოკი, დონის როსტოვი, სამარა.
25 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები განიხილა და მომავალ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე მისთვის უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომის ტრანსლაცია უწყების ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
კომისიის წევრებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კანონით, მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს, ნასამართლეობის მოხსნის ან გაუქმების შემდეგ, ათი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ალექსეი ნავალნიმ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას უკანონო უწოდა: „ჩემი განაჩენები შემოწმდა, და მე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დავამტკიცე, რომ ეს განაჩენები ფალსიფიცირებული იყო. არსებობს საგანგებო გადაწყვეტილებაც იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა. იქ დამატებით გაწერილია ისიც, რომ ნავალნი არჩევნებზე უნდა დაუშვან“, – განაცხადა მან.
პოლიტიკოსმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მის უკან მრავალი ადამიანი დგას, და მისი არჩევნებზე არდაშვების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება „ამ არჩევნებს მილიონობით ადამიანს ჩამოაშორებს“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გარდა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე პაველ გრუდინინმაც განაცხადეს.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას ასევე აპირებს დაღესტნის მუფთის მეუღლე, ჟურნალ „ისლამის“ მთავარი რედაქტორი – აინა გამზატოვა. ამის შესახებ„კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
საარჩევნო კამპანია რუსეთში ოფიციალურად 18 დეკემბერს დაიწყო.