არასამთავრობო ორგანიზაციები: პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს
ჰომოფობების მიერ სასტიკად ნაცემი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მომუშავე ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს ქვეყნის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას.
განცხადების ავტორები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა შესაძლო არეულობის შესახებ, რაც მათივე განცხადებებიდან ჩანდა, თუმცა 5 ივლისს მათ არაფერი გააკეთეს აგრესიული ჯგუფების შესაჩერებლად.
აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ “პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე”.
ხელმომწერები რამდენიმე მომენტს გამოყოფენ 5 ივლისის აქციიდან, რაც, მათი აზრით, ხელისუფლების დანაშაულზე მიუთითებს:
● 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები;
● 5 ივლისს დილით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ “პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო”, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები ძალადობისკენ.
_____________________________________________
● TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა
● “პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს” – საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა
● ამერიკის ელჩი: პრემიერმა 5 ივლისს წამყვანი როლი ვერ ითამაშა
________________________________________________
პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ითხოვენ, რომ არეულობებსა და ძალადობაში მონაწილე კონკრეტული პირების დაკავებას და დასჯას.
განცხადებას ხელს აწერენ ქვეყანაში მომუშავე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „გაეროს ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „თბილისი პრაიდი“, „DRI“ – ი.
_______________________________________________
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
● ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
● პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
___________________________________________________
ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში 11 ივლისს. 5 ივლისს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა ჰომოფობიური ჯგუფების აქციას ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ. ამ აქციაზე იგი 20-მდე ადამიანმა სასტიკად სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოძალადეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები.
ლაშქარავას ჰქონდა სახის ძვლის მოტეხილობები, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ლაშქარავა უკვე სახლში იყო გაწერილი. გარდაცვალების წინა დღეს იგი სტუმრად იყო ტვ “პირველის” ერთ-ერთ გადაცემაში და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სიკვდილის სავარაუდო მიზეზი, ტრავმით გამოწვეული თრომბოემბოლიაა. გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით სტანდარტული მუხლით დაიწყო – თვითმკვლელობამდე მიყვანა. ტელეკომპანია „პირველი” არ ენდობა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამოცხადდა ლოზუნგით „სისტემა კლავს!” მისი მთავარი მოთხოვნა იქნება ღარიბაშვილის გადადგომა.