კაცი, რომელიც ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ მოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა
63 წლის კაცი, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ წითელი ჯვრის დახმარებით გადმოჰყავდათ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მას ინსულტი ჰქონდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ავადმყოფი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ, რამდენიმე დღის განმავლობაში მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა – ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ის ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.
“რაც უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა. რეალურად, დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა,” – ამბობს ციხელაშვილი.
- გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მკვლელი ისევ დაუსჯელია
- საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?
მინისტრის თქმით, 63 წლის ახალგორელი მამაკაცი “არაადამიანური და არალეგალური შეზღუდვების მორიგი მსხვერპლია.”
“არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება. ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი”, – ამბობს ციხელაშვილი.