„ვერ შეხვალთ“ - აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც – არალეგიტიმურია. ასევე, მათი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
● საგარეო უწყებასთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
● საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “შეურიგებლობის მანიფესტს” მოაწერეს ხელი
მათი თქმით, ისინი ღამეს კარავში გაათევენ, კარავი კი კერძო საკუთრებაა და არ ითვალისწინებს დაჯარიმებას.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ თუ შეშაზე ხალხს დაიჭერენ, მოძებნიან ალტერნატიულ საშუალებას, ისეთს, რაც „პოლიციამ არ გამოაცხადა ბრძოლის იარაღად“.
გარდა პოლიტიკური მოთხოვნებისა, აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და ე.წ. წერტილოვან ლოქდაუნს აპროტესტებენ.
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
“არ ვამბობთ, რომ ე.წ. ლოქდაუნი არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვამბობთ იმას, რომ რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ დააწესა, დისკრიმინაციულია“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე.
ასევე, ორგანიზატორების თქმით, ისინი არ აპირებენ დებოშს და პარლამენტში შევარდნას.
“ყინვაში, არასათანადო პირობებში ჩვენი დატოვება ეს არის არაადამიანური ქცევა, რაც წამებასთანაა გათანამბრებული, ამიტომ არ ვაპირებთ კანონის დარღვევას, დებოშის მოწყობას, მით უმეტეს, ეფემერულ პარლამენტში შევარდნას“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.