ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, NCDC-ს დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.
“ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. იგი უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს.” – განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გამყრელიძის წასვლა არ უკავშირდება პანდემიასთან ბრძოლას ან მანამდე პერიოდს – “იგი უბრალოდ ასპარეზს უთმობს სხვა ადამიანებს”. მისივე განმარტებით, გამყრელიძე თანამდებობას თავისი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
თავდაპირველად ინფორმაცია NCDC-ს დირექტორის შესაძლო წასვლის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა. ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირება იყო.
ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. იგი არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.
1997-2001 წლებში გამყრელიძე იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.
2002 წელს საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.