სახალხო დამცველის მოადგილედ მისი პარტიელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა
გაზიარება
გაზიარება
ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველის მოადგილედ
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, თანაპარტიელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.
“მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო ბიძად მეკუთვნის, [მისი დისშვილი]. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, რომ მე ლევანთანაც წლები განმავლობაში ვმუშაობდი, არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი ვეხმარებოდი და მერე როგორც რიგითი წევრი ვიყავი პარტიის, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი.”– განაცხადა ჯულაყიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა – ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს გააკრიტიკებს თუ არა, ჯულაყაძემ ასე უპასუხა: “იქნება პირველი ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს.”
“გავაკრიტიკებ პირველ რიგში ალეკოს იმიტომ, რომ ოდესღაც სადღაც ერთი და იგივე ღირებულებებს ვიცავდით და რავი ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა, რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი არ შემიშლის პირიქით, ძაან ასეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იქნება პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს.”– ამბობს ტვ პირველთან იოსელიანის მოადგილე.
პარლამენტის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, რომელმაც ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად დანიშნავს მხარი დაუჭირა, ომბუდსმენის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას არასწორს უწოდებს.
“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებაა.” – წერს სამნიძე Facebook-ზე.
ლევან იოსელიანმა მოადგილეები დღეს წარადგინა – ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე დარჩება.
ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.