ახალი დაპატიმრებები
ბაქოში პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრებების სერია გრძელდება. 14 აგვისტოს, ღამით ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი, ნატიკ ჯაფარლი დააკავეს. 15 აგვისტოს ოთხი ახალგაზრდა აქტივისტი დააპატიმრეს.
დაპატიმრება, თუ გატაცება?
დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოძრაობა “რე-ალის” წევრები – ელშად ჰასიმოვი და თორღულ ისმაილოვი დააკავეს.
უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვის თქმით, ჰასიმოვი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა მეტროსადგურ “იჩერიშეხერის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჰასიმოვის ნათესავების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ გაუჩინარებამდე ორმოცი წუთით ადრე ჰასიმოვი თავის ძმას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მას უთვალთვალებდნენ და ამიტომ ტელეფონის გამორთვას აპირებდა.
დაახლოებით იმავე დროს გაუჩინარდა ისმაილოვიც.
ისმაილოვის ნათესავებმა და ადვოკატებმა მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
დაახლოებით 22:00-ზე ჯაფაროვმა განცხადება გაავრცელა: “ჩვენ – მეგობრები და უფლებადამცველები, მათ პოვნას ვცდილობთ. პოლიციის საქალაქო განყოფილებაში ვიყავით, ნარიმანოვისა და ხატაის რაიონულ სასამართლოებსაც მივაკითხეთ. ახლა კიდევ რამდენიმე ადგილას ვაპირებთ მისვლას. ორივე შემთხვევაში, ჩვენი გაუჩინარებული მეგობრების შორიახლოს მათი ნაცნობები რომ არ ყოფილიყვნენ, ისიც კი არ გვეცოდინებოდა, რომ ორივე გაიტაცეს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ძალოვანებმა არც ადვოკატებს აცნობეს, და არც მეგობრებს.”
დაახლოებით შუაღამისას ჰასიმოვი და ისმაილოვი პოლიციის მე-9 განოფილებაში აღმოაჩინეს.
15-ში კიდევ ორი დააპატიმრეს.
უფლებადამცველი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ბაშირ სულეიმანოვი პირველი იყო მათ შორის, ვინც მოძრაობა “ნიდას” წევრის, ელგიზ გიახრამანლის დაპატიმრების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აქტივისტი ნარიმანოვის რაიონის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მას დაახლოებით საღამოს 5 საათზე, 234-ე მუხლის (ნარკოტიკების შენახვა) მიხედვით, ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
იმავე დღეს, ზემოაღწერილ მოვლენებამდე მცირე ხნით ადრე, კიდევ სხვა ყოფილი პოლიტპატიმარი, სამოქალაქო აქტივისტი ბახთიარ გაჯიევი დააკავეს. ვიდრე მის ტელეფონს გათიშავდნენ, მან სააგენტო “თურანს” აცნობა, რომ ერთი დღის წინ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მას ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მომდევნო დღეს, როდესაც იგი მიზეზის გარკვევას შეეცადა, პოლიციელმა მას დაარტყა და პერანგი გაუხია. მისმა ადვოკატმა, ადამ მამედოვმა განაცხადა, რომ გაჯიევს ხულიგნობაში სდებენ ბრალს. 22:19-ზე trend.az-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული “ბლოგერის, ბახთიარ გაჯიევის სასამართლო პროცესი” გაიმართა. დაცვის მხარემ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ჩვენება მოითხოვა. ჩანაწერების ჩვენება ხვალ შედგება.
მანამდე, 13-14 აგვისტოს ღამით საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “რე-ალის” მმართველი ორგანოს წევრი, ნატიკ ჯაფარლი დააკავეს. მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უფლებამოსილებების გადამეტება დასდეს ბრალად და ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნატიკ ჯაფარლის თავის ადვოკატთან, ჯავად ჯავადოვთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. “ჯაფარლის ე.წ. “აღიარებითი ჩვენების” შესახებ განცხადების გავრცელებით გენპროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია,” – ამბობს ადვოკატი.
ჯაფარლი “რე-ალის” ლიდერის, ილგარ მამედოვის მოადგილეა. მამედოვი, უკვე ოთხი წელია, საპატიმროში იმყოფება.
ოფიციალური ვერსია
პროსახელისუფლებო პრესამ გენპროკურატურის განცხადება გაავრცელა. ამ საკითხთან დაკავშირებული პუბლიკაციები ტენდენციური სათაურებით გამოირჩევა. გენპროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: “ნატიკ ჯაფაროვმა აღიარა, რომ მეგობრის, იმ პერიოდში მოძრაობა “რეალის” თავმჯდომარის, ილგარ მამედოვის დახმარებით მიითვისა გრანტები და კერძო ინტერესებისთვის გამოიყენა – როგორც ფიზიკურმა პირმა.”
იმავე დღეს (15 აგვისტოს) გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ოფიციალურად იყო აღნიშნული, რომ გენპროკურატურა ფეტჰულაჰ გიულენის მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. გიულენი თურქი პოლიტემიგრანტია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. “აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფეტჰულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის მომხრეების უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა,” – “რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა გენპროკურატურის პრესმდივანმა, ელდარ სულთანოვმა. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ვებგვერდმა haqqin.az ერთ-ერთ დაკავებულს, ელგიზ გიახრამანლის “გიულენისტი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ იმავე ვებგვერდზე ოპოზიციური პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” ლიდერი, ალი ქერიმლიც “გიულენისტადაა” მოხსენიებული.
იმავე haqqin.az-მა ბახთიარ გაჯიევის მამხილებელი სტატია გამოაქვეყნა. ამასთან, პუბლიკაციის ტექსტს თუ ვენდობით, გაჯიევისა და საგზაო პოლიციის თანამშრომლის დაპირისპირება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ავტორმა არაერთი საათი გაატარა იმაზე ფიქრში, თუ რა მოტივები ამოძრავებდა “დამნაშავეს” და, ზოგადად, როგორი პიროვნებაა გაჯიევი.
“რეალურად, ყველა ეს დაპატიმრება დაკავებულების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული; მათთვის წარდგენილი ბრალი კი უბრალოდ საბაბია,” -ამბობს უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი. გარდა ამისა, იგი დაპატიმრებებს უკავშირებს იმასაც, რომ “რე-ალი” იმ საკონსტიტუციო რეფორმების საწინააღმდეგო აპირებს კამპანიის ჩატარებას, რომელიც, შესაძლოა, 26 სექტემბრის რეფერენდუმის შემდეგ გატარდეს.
რეაქცია სოციალურ ქსელებში
“მახსოვს, 1991 წლის 17 მარტამდე როგორ გამოდიოდნენ ჩინოვნიკები AzTV-ს ეთერში და საბჭოთა კავშირის შენარჩუნებასთან დაკავშირებით გასამართ რეფერენდუმს “რეფერენდურუმს” უწოდებდნენ. ამ რეფერენდუმს უკვე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელები მექავება, დაუძლეველი სურვილი მიჩნდება, ხვალვე ჩავეწერო “რე-ალის” რიგებში.”
და პასუხი ამ გზავნილზე: “ერთადერთი “რეალი”, სადაც ადამიანს შეიძლება მოხვედრა უნდოდეს, მადრიდის “რეალია”. ყველა სხვა “რეალი” რეალი არ არის.”
რა თქმა უნდა, დაპატიმრებულის მხარდასაჭერი სიტყვებიც გაისმა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, მხარდაჭერა კოლეგებისა და ნაცნობების წრით შემოიფარგლა.
გამოქვეყნდა: 16.08.2016