აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა დასრულდა
არჩევნები აფხაზეთში
აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ხვალ, 16 თებერვალს, წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს, ხოლო სამი დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ხმის მიცემა გაიმართა 152 საარჩევნო უბანზე აფხაზეთში და ორ უბანზე რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკასკში.
ცესკომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ არჩევნები შედგა, რადგან ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-იან მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა.
პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს:
- ბადრა გუნბა
- ადგურ არძინბა
- რობერტ არშბა
- ოლეგ ბარციცი
- ადგურ ხურხუმალი
არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მოიპოვებს. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, პირველ ტურში ამის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
არჩევნები მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე გაიმართა. ცალკეულ უბნებზე მცირე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მათ ოპერატიულად აგვარებდა.
კერძოდ, რუსულ ქალაქ ჩერკასში ერთ-ერთი პირი ცდილობდა, ხმა სხვისი აფხაზური პასპორტით მიეცა, რის გამოც საარჩევნო უბნის მუშაობა ნახევარი საათით შეჩერდა.
კიდევ ერთი ინციდენტი, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა არჩევნებთან, თურქეთში, აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს უკავშირდებოდა. ოფიციალურმა ანკარამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქვეყანაში საარჩევნო უბნის გახსნა აკრძალა, რის გამოც თურქეთში მცხოვრები ზოგიერთი აფხაზი ხმის მისაცემად აფხაზეთში ჩავიდა.
თუმცა, როდესაც ისინი სოჭში ჩავიდნენ, საიდანაც აფხაზეთისკენ გამგზავრებას აპირებდნენ, ერთ-ერთ მათგანს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და უკან, თურქეთში დააბრუნეს. მას რუსეთის ფედერაციაში შესვლა მომდევნო 10 წლის განმავლობაში აეკრძალა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო