აფხაზეთში აფხაზური ვალუტა “აფსარის” 10 და 100 ნომინალის ბანკნოტები გამოვიდა. თუმცა, რადგან აფხაზეთში გადახდის ძირითადი საშუალება რუსული რუბლია, ამ ბანკნოტებს ძირითადად ნუმიზმატები და ტურისტები ყიდულობენ.
კანონის მიხედვით, აფსარი არის გადახდის საშუალება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ნომინალური ღირებულებით. მაგრამ, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გადახდის საშუალება საცალო ვაჭრობაში.
აფხაზური ვალუტის არაპოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ღირებულებაა. აფხაზეთის ბანკის მიერ დადგენილი მუდმივი კურსის მიხედვით, 1 აფსარი უდრის 10 რუსულ რუბლს (0,11 აშშ დოლარი). თუმცა, სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების რეალური ღირებულება, საინვესტიციო და ნუმიზმატიკური მიზნებისთვის მონეტებზე მოთხოვნილობით განისაზღვრება და ის ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ კურსს.
მაგალითად, 500 აფსარიანი ბანკნოტი (რომელზეც გამოსახულია აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა) ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხუთ ათას რუბლს უდრის [დაახლოებით 56,5 აშშ დოლარი]. თუმცა, ინტერნეტში ის მინიმუმ 15 ათას რუბლად იყიდება [დაახლოებით $170].
10 აფსარას ბანკნოტზე გამოსახულია ლეოპარდი, ხოლო 100 აფსარას ბანკნოტზე ირემი. ისინი წარმოდგენილი იქნა ივნისის ბოლოს ჰონგ კონგში, აზიის უდიდეს ნუმიზმატიკურ გამოფენაზე.
აფხაზეთის ბანკის თავმჯდომარის, ბესლან ბარათელის თქმით, გამოფენის შემდეგ კოლექციონერებმა დაიწყეს თავიანთი დილერების გაგზავნა, რომლებმაც ახალი ბანკნოტების მთლიანი შეკვრები შეიძინეს.
ამრიგად, ახალი ბანკნოტების უმეტესი ნაწილი უკვე გაყიდულია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო