აფხაზეთის მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ
რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთისთვის
აფხაზეთში მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ. აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ ხელშეკრულება უკვე გასაფორმებლად მზადდება.
ამ დროისთვის აფხაზეთის მოქალაქეების თითქმის 70 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა. უმრავლესობამ რუსული პასპორტი იქამდე მიიღო, ვიდრე, 2008 წლის აგვისტოში მოსკოვი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა.
2000-დან 2008 წლის აგვისტომდე, აფხაზეთის მცხოვრებლები რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით იღებდნენ. ეს იმით აიხსნებოდა, რომ აფხაზეთის არაღიარების გამო, იქ მცოხვრებლები მოქალაქეობის არმქონედ მიიჩნეოდნენ. რუსეთმა კი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, ამ ხალხს რუსეთის მოქალაქეობა მისცა.
მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში, კრემლმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულმა წესმა მოქმედება ავტომატურად შეწყვიტა.
შეთანხმების ახალი პროექტი, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აფხაზეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.
ანუ, აფხაზებს შეეძლებათ რუსეთში გადასვლის გარეშე, როგორც ამას „ზოგადი საფუძვლები” ითხოვდა, მეორე, რუსეთის მოქალაქეობაზე გამოთქვან პრეტენზია.
რუსული პასპორტი აფხაზებისთვის არის არა მხოლოდ საშუალება სოციალური პაკეტის მისაღებად, რომელსაც მოსკოვი პენსიების, შეღავათებისა და სამედიცინო დაზღვევის სახით უზრუნველყოფს, არამედ მსოფლიოში ლეგალურად გადაადგილების შესაძლებლობაც.
შეთანხმების პროექტის მიხედვით, გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს ცალმხრივად – მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.
ანუ რუსებისთვის, რომლებსაც სურთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება, არაფერი იცვლება. მათთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა იგივე რჩება – რესპუბლიკაში მუდმივი ცხოვრების ხუთი წელი და აფხაზური ენის ცოდნა.
რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთისთვის
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო