სახალხო დამცველი: სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს
უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება ომბუდსმენმა დღეს გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეზე ემუქრება.
ომბუდსმენის თქმით, ამის პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
“თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და “მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება.”
წინასწარი შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავშესაფრის ძიებაში ქვეყანა დატოვა. უკრაინელი ლტოლვილები ქვეყნიდან ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადადიან, თუმცა მათ მეზობელი მოლდოვაც იღებს.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის ცალკეული ლიდერების განცხადებისა, რომ ქვეყანა მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს უკრაინას მათ შორის ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც, ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე გეგმა.
უკანასკნელად ამის შესახებ ინფორმაცია ერთი თვის წინ, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი.
“ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად“, – განაცხადა კასიანოვმა.
5 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრებ უკრაინიდან ლტოლვილებს სასტუმროს მენეჯმენტმა, რამდენიმე დღეში საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა. თუმცა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხელისუფლება საცხოვრისის გარეშე არ დატოვებს უკრაინის არცერთ მოქალაქეს, რომელიც საომარი მოქმედებების გამო დროებით აჭარაში ცხოვრობს და დახმარებას ითხოვს.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სასტუმროების მფლობელებმა უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში დაუთმეს უკრაინელებს სასტუმროს ნომრები. საზღვაო ტურისტული სეზონის დაწყების გამო კი მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლების მოძიებას ტურიზმის დეპარტამენტი ახლა ცდილობს.