საქართველოში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წესი იცვლება
ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წესი იცვლება
საქართველოში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წესი იცვლება. მთავრობამ უკვე წარადგინა ინიციატივა პარლამენტში, სადაც დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად უადვილებს და ვადებს უზრდის.
დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა, ხოლო ახალი ცვლილებებით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის უფლება შესაძლოა 9 თვემდე გაიზარდოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული მუხლების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მოსმენა და თვალთვალი განუსაზღვრელი დროითაც კი გახანგრძლივდეს.
ახალი კანონპროექტით იცვლება შემდეგი:
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობა იზრდება 3 თვით;
- შეტყობინების წესი იმ პირისთვის, ვისაც სახელმწიფო უსმენს ან/და უთვალთვალებს; აქედან გამომდინარე, შესაძლოა ადამიანმა ვერც ვერასოდეს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 სახის დანაშაულზე იქნება შესაძლებელი;
- 100 სახის დანაშაულზე ფარული მოსმენა შეიძლება უვადოდ გაგრძელდეს.
საქართველოში ფარული მოსმენისა და თვალთვალის ნებართვას გამოძიება იღებს მოსამართლისგან. არასამთავრობოების თქმით, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება [მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და HRW] მუდმივად საუბრობს საქართველოს სასამართლო სისტემის მიკერძოებაზე ხელისუფლების მიმართ, ამ კანონპროექტით „მთავრობა ტოტალურ კონტროლს აკანონებს.”
ასევე, ახალი კანონის მიხედვით, 360-მდე იზრდება იმ დანაშაულების სია, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სტრუქტურებს შეუძლიათ მოქალაქეების თვალთვალი და მიყურადება, ხოლო პროცედურის „იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ამის სამართლებრივი საფუძველი”, გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება შემდეგი დანაშაულების გამოძიების პროცესში:
- განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა;
- ტრეფიკინგი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვ;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან რეალიზაცია;
- საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა).
- უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა;
- პორნოგრაფიული ნაწარმის ან/და სხვა საგნის უკანონოდ დამზადება და გასაღება;
- არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში. ასევე, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში;
- ნარკოტიკული დანაშაულები;
- კომპიუტერული დანაშაულები;
- კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა;
- სამოხელეო დანაშაული;
- დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ;
- კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
„მე რაც განსაკუთრებით მომხვდა თვალში, არის კანონპროექტის ტონი და სიტყვათა წყობა: ვადები შეიძლება გაგრძელდეს “იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია…”. ასეთი შემტევი ტონი და სიტყვათა წყობა მე პირადად კანონპროექტში აქამდე არ ამომიკითხავს. ვინმეს რამე არ შეეშალოს, რასაც გვინდა, იმას ვიზამთ უფრო იკითხება, ვიდრე უფლებებზე ორიენტირებული ნება კანონმდებლისა”, – ამბობს GDI-ს ხელმძღვანელი, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
სპეციალური განცხადება გაავრცელა თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. მათი თქმით, ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება.
ენჯეოების განმარტებით, კანონპროექტით შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მაშინ როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს.
“პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ ვხვდებით კონკრეტულ დასაბუთებას და არგუმენტაციას, თუ რა გახდა ცვლილებების შემუშავების საჭიროება, ან ყოველდღიურ პრაქტიკაში რა პრობლემებს უქმნიდა მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოებს”, – წერია განცხადებაში.