საქართველოს პრეზიდენტი: კითხვარის მიღებას უკრაინასა და მათ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ
ევროკავშირისგან კითხვარის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინასა და მათ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ.
11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ საკითხს. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს.
საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი, ახალი შანსია.
“დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი, ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს პრეზიდენტი.
მისივე განმარტებით, ევროკავშირმა “გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან”, გადაწყვიტა აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული:
“ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში როცა ვიყავი და რაც მერე გადავიდა რეალობაში. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი.”
● 10 ნაბიჯი ევროკავშირისკენ – სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს
● ევროკავშირის წევრობის განაცხადის შემდეგ რა პროცედურებს გადის ქვეყანა
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა. EU-ს წევრობაზე განაცხადის შეტანას მმართველი პარტია 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა უკრაინაში და კიევის მიერ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანამ, ეს პროცესი საქართველოშიც დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის თაობაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2 მარტს განაცხადა. ამ განცხადებას უსწრებდა 28 თებერვალს, უკრაინის განაცხადი იგივე მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დასავლეთში და საზოგადოების მოთხოვნა, მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინა.
ჯერ კიდევ 1 მარტს მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ განაცხადის წარსადგენად ქვეყანა ჯერ მზად არ იყო და პროცესი 2024 წლიდან უნდა დაწყებულიყო. 1 მარტს გამართულ მრავალათასიან აქციაზე თბილისში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აქციის მონაწილეებმა ასევე პროტესტს გამოთქვეს უკრაინის მხარდაჭერაზე მთავრობის უარის გამო და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.