კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: არასწორი ინფორმაცია აქვთ. თუმცა, ეს არ არის გამართლება
აშშ-ის საელჩოს განცხადება
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, “არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, შეიცავს “ფაქტობრივ შეცდომებს”, “არასწორ შეფასებებს” და არის არასამართლიანი.
კობახიძე გულისხმობდა აშშ-ის საელჩოს მიერ 3 იანვარს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მკვეთრი სიტყვებით არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების გამო.
“ძირს უთხრის” “ზიანს აყენებს” – რა წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში
საელჩოს განცხადებაში წერია, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც “ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს… აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს“.
კონკრეტულად კი, როგორც საელჩო აღნიშნავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”; საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით “ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას”, ხოლო უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი მოსამართლის გაუმჭვირვალე პროცედურით დანიშვნით შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ:
საელჩოს განცხადებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ის, რომ ცვლილებები ნაჩქარევად, საზოგადოებისთვის სათანადო ახსნისა და გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის გარეშე განხორციელდა.
“საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
● საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა
● არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი – ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში
● ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მისი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება საელჩოში აღიქვეს, როგორც განსხვავებული აზრის და ხელისუფლებაზე კონტროლის გამო “სამაგიეროს გადახდა, დასჯითა და გათავისუფლებით”
ამავდროულად საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას და დასძენს, რომ ამ სუვერენიტეტის დაცვა და რუსული აგრესიის თავიდან არიდება საქართველოს შეუძლია მხოლოდ “ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება”
“საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება” – ხელისუფლების პასუხი
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, “ფაქტობრივი შეცდომები” იყო. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქართული საზოგადოების ნდობას არყევს.
კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩო არ იყო სწორად ინფოერმირებული, რაც შეიზლება იყოს ადამიანური შეცდომა, მაგრამ “საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება”.
“ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ მათგან ვიღებთ ხოლმე რჩევებს და ვითვალისწინებთ ამ რჩევებს. მაგრამ არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს… სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები და არასწორი ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება”, – თქვა კობახიძემ.
________________________________________
● კანონი, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა, საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები.
● სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო ორგანო, რომელის მთავარი ფუნქცია იყო მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოეძიებინა დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, პოლიციელმა ან სხვა სახელმწიფო მოხელემ. ეს სამსახური აკონტროლებდა სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავების გადაცდომებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და რომელიც ასევე მონაცემთა კონფიდენციალურად დაცვის მონიტორინგს აწარმოებდა. ამ სამსახურის ხელმძღძვანელმა, ლონდა თოლორაიამ რამდენჯერმე პრინციპული, ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციით გამოიჩინა თავი. თოლორაიას განცხადებით, იგი ამის გამო “დაისაჯა”.
● 30 დეკემბერს ასევე „ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირეს „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებებს.