აშშ-ის ავიათავდასხმა სირიის სამთავრობო ბაზებზე: საერთაშორისო რეაქცია
ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები მხარს უჭერენ აშშ-ის ავიათავდასხმას სირიის სამთავრობო ბაზებზე.
მხოლოდ ირანმა და რუსეთმა დაგმეს აშშ-ის მოქმედებები.
დღეს გამთენიისას 3 საათსა და 45 წუთზე აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ავიაბაზაზე. სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ამერიკული ავიამზიდიდან, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს, ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ისროლეს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს იყო პასუხი 4 აპრილს პროვინცია იდლიბის დაბომბვაზე, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენებით იერიში მიიტანეს. საერთაშორისო თანამეგობრობა იდლიბის დაბობმვაში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს.
რუსეთი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი: „პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით”. “ვაშინგტონის ეს ნაბიჯი დიდ ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომლებიც ისედაც არ არის სახარბიელო… და რაც მთავარია, პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი კი არ გვაახლოებს საბოლოო მიზანთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, არამედ პირიქით, ქმნის სერიოზულ დაბრკოლებებს ტერორზმთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის შექმნის გზაზე,” – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ლავროვმა აშშ-ის ავიათავდასხმას “აგრესიის აქტი” უწოდა, რომელსაც “საფუძვლად მოგონილი საბაბი დაედო”. “ამერიკის ხელისუფლებამ ისიც კი არ ინება, რომ კონკრეტული ფაქტები წარმოედგინა, რაც დაადასტურებდა იდლიბის თავდასხმაში ასადის ბრალეულობას,” – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, მოსკოვი მოითხოვს გამჟღავნდეს სიმართლე, თუ როგორ მიიღო აშშ-მა ავიათავდასხმის გადაწყვეტილება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერისთვის ცხადია, რომ აშშ-ის ავიათავდასხმა წინასწარ იყო მომზადებული და ის ბევრად უფრო ადრე დაიგეგმა, ვიდრე იდლიბის მოვლენები. “იდლიბი გამოიყენეს, როგორც საბაბი, მიზანი კი საკუთარი ძალის დემონსტრაცია იყო,” – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ აშშ-ს ავიაიერიშის მიზანი იყო ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების შეჩერება, რათა მათ სამომავლოდ კიდევ ვერ შეძლოს ქიმიური იარაღის გამოყენება.
ასევე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა სრულად უჭერს მხარს აშშ-ის გადაწყვეტილებას სირიაში ავიაბაზაზე დარტყმების განხორციელების შესახებ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სათანადო პასუხია ქიმიური იარაღის გამოყენების იმ ბარბაროსულ შეტევაზე, რომელიც სირიის რეჟიმმა განახორციელა“, – განაცხადა მან.
გერმანია და საფრანგეთი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სირიაში არსებულ მდგომარეობაზე მთელს პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს აკისრებენ. მათ დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთს, სადაც ნათქვამია:
“მხოლოდ პრეზიდენტი ასადია დამნაშავენ მოვლენების ამგვარ განვითარებაში. გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას ერთად გამოვიდეთ სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მხარდასაჭერად”.
ისრაელი
ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო იერიშებთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული განცხადებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოვიდა.
„ისრაელი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას“, -დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. „როგორც სიტყვებით, ასევე თავისი ქმედებებით აშშ-ის პრეზიდენტმა ნათელი მესიჯი გააგზავნა, რომ არ მოითმენს ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გავრცელებას“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თურქეთი
თურქეთის ვიცე-პრემიერი ნუმან ქურთულმუში: თურქეთი დადებითად აფასებს აშშ-ის ავიათავდასხმებს და მიიჩნევს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა აღუდგეს წინ სირიის ხელისუფლების ბარბაროსულ ქმედებებს.
ირანი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაჰრამ კასემი: “ირანი სასტიკად გმობს მსგავს ცალმხრივ ავიაიერიშებს. მსგავსი ქმედებები მხოლოდ გააძლიერებს ტერორისტებს სირიაში და გაართულებს ვითარებას რეგიონში.
სირიის ოპოზიცია
ჰადი ალბარა, სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი: ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს, თუმცა, ის დაგვიანებულიცაა – ჩვენ ვიცით, რომ პირველი ქიმიური თავდასხმა ბევრად ადრე მოხდა და 1800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასადის რეჟიმი მუდმივას სჩადის სამხედრო დანაშაულს, დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და მისთვის აქამდე ხელი არავის შეუშლია. აშშ-მა თავიანთი მოქმედებით დღეს ამ კონფლიქტის წესები შეცვალეს. ამერიკამ უთხრა ასადს, რომ მისი დანაშაულები ამიერიდან დაუსჯელი არ დარჩება”.