მკვლელობა ღირსებისთვის
Новая газета
„ნოვაია გაზეტასთვის“, ცნობილი გახდა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ან ამგვარი ეჭვის არსებობის გამო, ჩეჩნეთის მაცხოვრებელთა დაკავების შესახებ.
ამ მომენტისთვის უკვე ასზე მეტი მამაკაცის დაპატიმრების ცნობაა შემოსული.
“ნოვაია გაზეტამ“ უკვე სამი დაღუპულის შესახებაც შეიტყო, თუმცა წყაროები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.
დაკავებების შესახებ ინფორმაციამ უკვე ერთი კვირის წინათ დაიწყო შემოსვლა და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის წყაროების მიერ არის გადამოწმებული და დადასტურებული. წყაროები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციაიდან, ჩეჩნეთის პროკურატურიდან, და ბოლოს ადგილობრივი ლგბტ აქტივისტები.
ზოგიერთი მათგანი დააკავეს და გათავისუფლების შემდეგ მათ რესპუბლიკა დატოვეს(ძალიან იშვიათი შემთხვევა). ზოგიერთი მას შემდეგ გაემგზავრა, რაც მათი ნაცნობები და მეგობრები დააკავეს.
დაკავებები არამხოლოდ გროზნოში, არამედ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.
დაკავებულებს შორის არიან – ჩეჩნური მუფტიატის წარმომადგენლები – ცნობილი , გავლენიანი და რეპუბლიკის მეთურთან დაახლოებული რელიგიური მოღვაწეების ჩათვლით, ასევე ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი.
რასაკვირველია, ეს ადამიანები არანაირად არ ააშკარავებდნენ თავიანთ განსაკუთრებულ სექსუალურ ორიენტაციას – კავკასიაში ეს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. თუმცა, ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში, რომლის წევრებს შორისაც ფრიად მოკლე სოციალური დისტანციაა, ამგვარი ამბები, რაც არ უნდა ბევრი მალონ, მაინც სწრაფად ვრცელდება.
სოციალური ქსელების ჩეჩენი მომხარებლები პანიკურად ტოვებენ მესინჯერის დახურულ ჯგუფებს, ხურავენ სოციალური ქსელების აქაუნთებს. თუმცა, ზოგიერთი რისკავს კიდეც, და დანარჩენებს საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
შეტყობინება სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტედან“
(ორთოგრაფია და პუნქტუაცია შენარჩუნებულია)
“სალამუ ალეიქუმ ყველას!
არ მეგონა რომ აქ კიდევ დავწერდი, მაგრამ აქ ერთი ჯაჭვის თემაა და თუ ერთს ჩაუშვებენ, იმდენ ხანს აწამებენ, სანამ სხვებსაც არ ჩაუშვებს, და ეს შეიძლება მეც შემეხოს, ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ გაგაფრთხილოთ. აქ ხშირად ჩნდება პოსტები ჩაშვებაზე (მხედველობაში მაქვს პროვოკაციები ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანების გამოსავლენად -ე. მ-ს შენიშვნა) და გარკვეული დროის წინათ ვცდილობდი ამ ჩაშვებების მსხვერპლი მეპოვა. როდესაც ვერც ერთი ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო. ახლა ვხვდები, რატომაც ვერ ვიპოვე ვერც ერთი ისეთი, ვინც ჩეჩნეთში ჩაუშვეს. სამწუხაროდ, ბევრი მოკლულია.
მოკლულები არიან არამხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები, არამედ უფროსი მამაკაცებიც, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებულები მათ შორის არიან ჩეჩნეთში ცნობილი ადამიანებიც.
ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში, სატელევიზიო გამოშვებებში, კონკურსებში მონაწილეობდნენ. არ მინდა მათი სახელების თქმა. ყველაზე უმცროსი 16 წლისაა. ის ჩვენი სოფლიდანაა. სულ რამდენიმე დღის წინათ მოიყვანეს საშინლად ნაცემი – ისე იყო, როგორც ძვლებიანი ტომარა. ეზოში დააგდეს და თქვეს, რომ მოეკლათ. როგორც ამბობენ, აქამდე გონს არ მოსულა, და ვერც მოვა. არ ვიცი, რით ხსნიან იმას, თუ ასე რატომ იქცევიან, მათ იმის დამადასტურებელ ფაქტებს მოსთხოვენ, რომ ჩვენი ძმა ან ვაჟი ასეთია.
ჩეჩნეთში ხომ სიმკაცრეა დამაჯერებელი საბუთების გარეშე ვინმესთვის ცილის წამებაზე. შეიძლება თავად დარჩე შარვალჩახდილი. მით უმეტეს, მამაკაცზე ხელის აღმართვა და მისთვის ჰომესექსუალიზმის დაბრალება, ეს საუკუნეობრივ შერცხვენას ნიშნავს. არ ვიცი ამას რით ახსნიან, მაგრამ ეს ჯანდაბა ხდება. თვითონ წყარო ნატურალია, ჩემი ნათესავი, რომელიც სამხედროა და სწორედ ამ დილით მიყვებოდა ამ ამბავს. ვცდებოდი, როდესაც აქ ვწერდი, თითქოს ჩაშვებები არ იყო. არის და თან როგორც არასდროს ისე აქვთ ხელ-ფეხი გახსნილი. რაც შიძლება ფრთხილად იყავით და გაწყვიტეთ ყველა საეჭვო კავშირი.
რაც მთავარია, დღიურად ბინას ნუ დაიქირავებთ, ალბათ ყველა რიელტორს აიძულებენ ბინებში კამერების დადგმას, და მსხვერპლზე კომპრომატებს ამ გზით მოიპოვებენ. ჩეჩნეთის რიელტორები კი, ოღონდ თავიანთი ბეზნესი არ დაკარგონ, ყველაფერზე წავლენ, თანაც ვინ გაბედავს ჩვენ სამხედროებს შეეწინააღმდეგოს. ძალიან ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ეს აქ ჩემი ბოლო პოსტია“.
ეროვნული კოსტუმი, მუზეუმი გროზნო, ჩეჩნეთი. ფოტო: რია ნოვოსტი
ჩეჩნეთის მკვიდრებს, რომლებიც დევნის მსხვერპლად იქცნენ – თუნდაც მათ არატრადიციულ ორიენტაციაში მხოლოდ დაეჭვების გამო – ძალიან მცირედი შანსი აქვთ, რომ ცოცხლები გადარჩნენ.
საკმარისია, ოჯახს დაკავების მიზეზი აცნობონ, და ნათესავები ოფიციალურ ინსტანციებში ჩივილს არ დაიწყებენ, ხოლო თავიანთ ახლობლების დაკავების და მკვლელობის ფაქტებსაც კი მონდომებით დამალავენ.
ცნობილია, რომ ზოგიერთ დაკავებულს „დაუდასტურებლობის“ გამო ათავისუფლებენ. თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც კი საფრთხე ელით, რომელიც სწორედ ნათესავებისგან მოდის. ჩეჩნეთში დღემდე გავრცელებულია „ღირსებისთვის მკველობის“ ადათი – ამ ზომას ოჯახისთვის სირცხვილის ჩამოსარეცხად მიმართავენ ხოლმე – ამ შერცხვენაში დადანშაულებული ადამიანის მოკვლის გზით.
ჩეჩნური სპეცსამსახურებში ჩვენმა წყაროებმა დაკავებების ტალღა, რომელსაც „პროფილაქტიკური წმენდა“ უწოდეს, კატეგორიულად დაუკავშირეს მეორე – საინფორმაციო ტალღას.
მარტის დასაწყისში კავკასიაში რუსმა ლგბტ აქტივისტებმა, პროექტ GayRussia.ru-ს მონაწილეებმა, თავიანთი საერთორუსული სასამართლო კამპანიის ფარგლებში, განცხადება შეტანეს ჩრდილოეთი კავკასიის ფედერალური ოლქის ოთხ ქალაქში გეი-პარადების სერიის ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ.
მაგალითად, 9 მარტს სვერდლოვსკის ოლქში მცხოვრებმა ლგბტ აქტივისტმა ვლადიმირ კლიმოვმა ყაბარდო-ბალყარეთის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ფოსტით გაუგზავნა „უწყება მსვლელობის ფორმით საჯარო ღონისძიების ჩატარების შესახებ“.
უწყებაში მითითებული იყო, რომ მსვლელობის ჩატარება იგეგმებოდა ნალჩიკის ისტორიული ცენტრის მთავარ ქუჩებზე, ღონისძიების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა – 300 კაცი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნალჩიკის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა. და, როგორც ჩანს, განმცხადებლებიც სწორედ ამას ელოდებოდნენ.
მოსკოვის ლგბტ აქტივისტებმა 9 და 10 მარტს ანალოგიური განცხადება შეიტანეს ასევე ჩერქეზსკის, სტავროპოლის და მაიკოპის ადმინისტრაციებში.
პროექტ GayRussia.ru-ს(პროექტის ხელმძღვანელია ცნობილი ლგბტ აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი) აქტივისტების მიერ კაკასიის რეგიონებში გეი-პარადების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა. ამან მასობრივი პროტესტები გამოიწვია მთელ კავკასიაში, სადაც გამომსვლელები აგრესიის მაღალ დონეს ავლენდნენ. სოციალურ ქსელებში გაჩნდა კრეატიულობის სხვადასხვა ხარისხით შესრულებული ვიდეორგოლები, რომლებშიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დახოცვის მოწოდებები გაისმოდა.
სწორედ ამ დროს გაიცა ჩეჩნეთში „პროფილაქტიკური წმენდის“ ჩატარების ბრძანება, და საქმე რეალურ მკვლელობებამდეც კი მივიდა.
ნიკოლაი ალექსეევმა „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აღლუმების ჩატარების შესახებ განცხადებების შეტანით ის საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისთვის, შეკრების თავისუფლებისთვის და გეი-პროპაგანდის ამკრძალვი კანონის გაუქმებისთვის იბრძვის.
„ჩვენ უკვე აღარ ვატარებთ შეუთანხმებელ გეი-აღლუმებს, – განუცხადა მან „ნოვაია გაზეტას“, – წინათ ვატარებდით, ახლა – არა. სახლმწიფოსთან ჩვენი აქციების შეთანხმებას და მონაწილეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვცდილობთ. მაგრამ, ყოველთვის როდესაც განცხადება შეგვაქვს, რა თქმა უნდა, ვემზადებით გეი-აღლუმის ჩასატარებლად, იმ შემთვევისთვის, თუკი ჩვენს განცხადებას მიიღებენ.“
„ნოვაია გაზეტას“ მიერ დასაზუსტებლად დასმულ კითხვებს, თუ რატომ ფიგურირებს 300 ადამიანი და ზუსტად რამდენი ლგბტ აქტივისტი გეგმავდა გეი-აღლუმზე გასვლას ნალჩიკში, ჩერქეზსკში, მაიკოპსა და თუნდაც სტავროპოლში, ალექსეევმა კონკრეტულად ვერაფერი უპასუხა. მან განმარტა, რომ აქციის შეთანხმებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში, მოსკოველი და პიტერელი აქტივისტები მზად იყვნენ, თავად ჩამოსულიყვნენ კავკასიაში და გეი-აღლუმში მიეღოთ მონაწილეობა.
მაგრამ, არც ალექსეევი და არც მისი იურისტები არ ჩასულან ნალჩიკში არც უწყების წარსადგენად და არც წინასწარ მოსმენაზე კავკასიის ამ ქალაქში გეი-აღლუმის ჩატარებაზე უართან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას.
ალექსეევმა აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ მისი დატვირთულ გრაფიკით იყო განპირობებული, არამედ პირადი უსაფრთხოების მოსაზრებითაც. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ნალჩიკსა და ჩრდილოეთი კავკასიის ფედერალური ოლქის სხვა ქალაქებში გეი-აღლუმების ჩატარების უწყების შესახებ, მან „კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალებიდან უამრავი მუქარა მიიღო“.
ნიკოლაი ალექსეევი.ფოტო:რია ნოვოსტი
ალექსეევი, აქტივისტის საქმიანობის გარდა, განთქმულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეტანილი მრავალრიცხოვანი სარჩელებით: აქციის შეთანხმებისას თითოეულ მიღებულ უარს ის რუსეთის სასამართლოებში ასაჩივრებს, შემდეგ სარჩელი ევროპის ადამინის უფლებათა სასამართლოში იგზავნება.
2011 წელს ალექსეევმა სტრასბურგში თავისი პირველი სარჩელი მოიგო, კომპენსაციამ 29 ათასი ევრო შეადგინა.
მოცემულ მომენტში ევროპის სასამართლოს მისი ორი ანალოგიური საჩივარი გაეგზავნა, რომლებისთვის გაცემული კომპენსაციის ოდენობა, „გენდერული პროგრამის“ ბეილის ფონდის კოორდინატორის ირინა კოსტერინას აზრით, შესაძლოა, 100 000 ევროს გაუტოლდეს.
გარდა ამისა, ალექსეევის თქმით, ახლა მზადდება მესამე, „უპრეცედენტო მასშტაბის“ საჩივართა ტალღა, რომელთა შორისაც დიდი ალბათობით კავკასიის ქალაქებისგან მიღებული უარებიც იქნება.
„ნოვაია გაზეტას“ კითხვაზე, იცის თუ არა მან, რომ მისმა უწყებებმა კავკასიაში გეი-აღლუმების ჩატარების შესახებ ადგილობრივი ლგბტ წარმომადგენლების დევნის პროვოცირება გამოიწვია, ჩეჩნეთში კი მასობრივი დაკავებებისა და მკვლელობების მიზეზი გახდა – ალექსეევმა უპასუხა, რომ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი „გადაუმოწმებელი ინფორმაციით სპეკულირებს, ხმაურიანი ფაქტებით ოპერირებს, და პირადად მისთვის ამგვარი დევნისა და მისი მოქმედებების ასეთი შედეგების თაობაზე არაფერია ცნობილი“.
გასაგებია, თუ რატომ არ ფლობს, ლგბტ თემის უფლებებისთვის მებრძოლი ალექსეევი სწორედ ამ „გადამოწმებულ ფაქტებს“. საქმე ისაა, რომ პატრიარქალური კავკასიის მაგრად შეჯანჯღარებით, მან თავის იქაურ მომხრეებისთვის თუნდაც მინიმალური დაცვა, რაიმე უკან დასახევი არხებიც კი ვერ უზრუნველყო.
ადგილობრივი სპეციფიკის სრული უცოდინრობით, მან, როგორც ჩანს, უბრალოდ არ გაითვალისწინა, თუ ადამიანებისთვის რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა მხოლოდ განცხადებას იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც არავინ აპირებდა. პრობლემა ისაა, რომ კავკასიაში სიტყვას ჯერ ისევ სერიოზულად ეკიდებიან.
ალექსეევის გადაწყვეტილების სერიოზულობაში ეჭვი არ შეჰპარვიათ მათ, ვინც ადგილობრივი ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა.
„ნოვაია გაზეტასთვის“ ცნობილი გახდა, რომ სხვა რუსულმა ლგბტ-ორგანიზაციებმა (პროექტი GayRussia.ru ამაში არ მონაწილეობს) ამ მომენტში შექმნეს ცხელი ხაზი, ჩეჩნეთის მოქალაქეების დევნის შესახებ ცნობებს იღებენ და მზად არიან, ადამიანების ევაკუირება დაიწყონ.
„ნოვაია გაზეტა“ რუსეთის სამძებრო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში, ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესატანად განცხადებას ამზადებს. ჩვენ ვაპირებთ, ძიებას მივაწოდოთ მოკლულების პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, მამის სახელი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილი) და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოვითხოვოთ, რადგან ადამიანების სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დასადგენად, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იქნება შესაძლებელი ექსგუმაციის ჩატარება.
29 მარტს რუსულმა ლგბტ-ქსელმა სოციალურ ქსელებში შემდეგი შეტყობინება გაავრცელა:
„ გეების,ლესბოსელების და ტრანსსექსუალების (ან მათი, ვინ თავს ასეთად მიიჩნევს) დევნის ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რუსეულმა ლგბტ ქსელმა რეგიონის საფრთხეში მყოფი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი დააარსა. თუ თავს საფრთხეში გრძნობთ, თუ გემუქრებიან, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით მისამართზე . [email protected]/ გარანტიას გაძლევთ, რომ ყველანაირი ინფორმაცია, რასაც გვაცნობებთ (მათ შორის თქვენი სახელი და გვარიც) ეცოდინება მხოლოდ ჩვენს სამ თანამშრომელს, რომლებიც უშუალოდ დახმარების ორგანიზებით არიან დაკავებულები.
გირჩევთ წერილში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
—აღგვიწერეთ სიტუაცია, რომელშიც მოხვდით;
—როგორი დახმარება გესაჭიროებათ;
—თქვენი სახელი და გვარი;
ჩვენ ოპერატიულ რეაგირებას მოვახდენთ თითოეულ მოთხოვნაზე და თქვენათან ერთად განვიხილავთ დახმარების სხვადასხვა ვარიანტებს“.